საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუორმაგა. სებ-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული კაპიტალი შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს და არამდგრადი იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსხვავებული სახით იყოს ბანკების მიერ დარეზერევებული.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ უკვე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ კონკრეტულმა ბანკებმა მათში ახლად გახსნილი დეპოზიტები არა ლიკვიდური, არამედ გრძელვადიანი სესხების დასაფინანსებლად მიმართეს.

„გასულ წელს ძალიან გაგვეზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით ფულის შემოდინება. დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარი იყო რუსეთის ფედერაციიდან. ეს თანხები მიიმართება სხვადასხვა წყაროში. ერთი არის ტრადიციული ფულადი გზავნილები, 2.3 მილიარდის ოდენობით, ასევე კაპიტალის გადმოდინება და დეპოზიტების მიგრაცია, მათ შორის გზავნილების არხებით. დაახლოებით 1.2 მილიარდის ფარგლებში იყო ეს თანხა. ასევე ამ წყაროთი შემოდინებულ სახსრებით კრიპტოაქტივებსაც ყიდულობდნენ. 

დეპოზიტებს რაც შეეხება, ეს არის არარეზიდენტების დეპოზიტები და მიზანშეწონილია, რომ არარეზიდენტების დეპოზიტები იყოს ქართულ საბანკო სისტემაში, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ბანკში არის ამ სახის დეპოზიტების მაღალი კონცენტრაცია, ეს უკვე ამ კონკრეტული ბანკის შემთხვევაში რისკიანია. შესაბამისად, ჩვენ არარეზიდენტების დეპოზიტებზე დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნები გვაქვს.

დღეს გვქონდა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთიდან შემოდინებულ დეპოზიტებზე კიდევ გავზარდოთ ლიკვიდობის მოთხოვნა. მიზეზი ამის უკან იყო ის, რომ რუსეთიდან შემოდინებული დეპოზიტები არის კონცენტრირებული და შესაძლოა მოკლე ვადაში მოხდეს მათი გასვლა. მოკლე ვადაში, რაზეც ვსაუბრობთ, შესაძლოა ეს იყოს ერთი წელი ან ორი წელი. თუ ეს თანხები ჩაანაცვლებს გრძელვადიან ნასესხებ სახსრებს, ან გრძელვადიან სესხებში წავა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ამ თანხების გადინება, ეს საქართველოს ეკონომიკას შეუქმნის პრობლემებს. საბანკო სექტორი თავისთავად ითვალისწინებს ამ რისკებს და ლიკვიდობის ბუფერები თავად აქვთ შექმნილი, მაგრამ ამის ფორმალიზება რომ მოვახდინოთ, რადგანაც დავინახეთ რომ ცალკეულ შემთხვევებში ხდება ამ ლიკვიდობის გამოყენება გრძელვადიანი ნასესხები სახსრების ჩანაცვლების მიზნით. ამას რომ არ ჰქონდეს მასობრივი ხასიათი, ამიტომ ჩვენ შემოვიღეთ რუსეთის რეზიდენტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-ის ნაცვლად 80%-ის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ ბანკებმა ეს თანხები ლიკვიდურ აქტივებში უნდა შეინახონ, რასაც აკეთებენ კიდეც, უბრალოდ ამის ფორმალიზება მოხდება,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

2023 წლის აპრილის მდგომარეობით, უცხოური კომპანიები და ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ.