საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ანუ 95.99%-ის აქციები 674.1 მილიონ ლარად [250 მილიონ დოლარად] გაიყიდა - საუბარია 4.27 მილიარდ ერთეულ აქციაზე, რომელიც ბირჟის თანახმად, 15 აპრილს გასხვისდა და ერთი აქციის ღირებულებამ გარიგებისას 15.78 თეთრი შეადგინა.

ბანკის ნასყიდობის ხელშეკრულება 16 აპრილს გაფორმდა და მაშინ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ გარიგების სრული მოცულობა კონფიდენციალური იყო.

BMG-ის ინფორმაციით, 250 მილიონი დოლარი ანუ 674.1 მილიონი ლარი არ არის გარიგების სრული მოცულობა, რადგანაც გარიგება ასევე მოიცავდა "ლიბერთი ბანკის" დივიდენდსაც. საუბარია 2025 წლის ბანკის მოგებასა და 2026 წლის პირველი კვარტალის ბანკის მოგებიდან დივიდენდის მიღებაზე.

ბანკის ფინანსური მონაცემებით, 2025 წელს ბანკის წმინდა მოგება იყო 126 მილიონი ლარი, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში კი 32.4 მილიონი ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მოგება საიდანაც დივიდენდის გაცემა შეიძლება მომხდარიყო ჯამურად 158.4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც დივიდენდების ჩათვლით 330 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, BMG-ის ინფორმაციით, გარიგება მოიცავდა სხვა ოპერაციებსაც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დივიდენდის, აქციების შესყიდვის და სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, 350-400 მილიონ დოლარსაც შეიძლება აღწევდეს.

ამასთან, უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტრანზაქციის განხორციელებამდე 2026 წლის აპრილში "ბაზისბანკის" მფლობელმა "ჰუალინგ ჯგუფმა" თბილისში მის საკუთრებაში არსებული აქტივები "თიბისი ბანკში" დააგირავა, სავარაუდოდ ტრანზაქციისთვის საჭირო კაპიტალის შევსების მიზნით.

"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შესახებ:

"ბაზისბანკი"

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.

"ლიბერთი ბანკი"

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.

ბანკის აქციონერები იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.

რა იქნება გაერთიანებული ბანკის ზომა:

შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.

bm.ge