ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში სახელმწიფოს კუთვნილი 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ-პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა.
პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულს, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტო გაზგასამართი სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას.
დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განახორციელა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება, რა გზითაც, 2024-2025 წლების განმავლობაში, იგი ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს" - წერია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.