2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს, - ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტშია ნათქვამია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი მშპ-ის 6%-იანი ზრდის პროგნოზის გათვალისწინებით დაიგეგმა, რის შედეგადაც მისი ასიგნებების მთლიანი ზომა 27.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც მეორე წარდგენის პროექტთან შედარებით 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი 700 მილიონი ლარით, 21.9 მილიონ ლარამდე იზრდება.

„2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს;
  • მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც;
  • საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%);
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს. 2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 126,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 25,3 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 25,5%-ია;
  • ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 35,9%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32,4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1,2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.