მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6775-დან 2.7164-მდე (1.45%-ით), ხოლო ევროს მიმართ - 2.8724-დან 2.9340-მდე (2.14%-ით) გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვის“ მიხედვით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ შესაბამისად, 2.7968 და 3.0259 შეადგინა. მაისში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7968 იყო, მინიმალური კი - 2.6755.

„მაისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები არათანაბრად იყო გადახრილი. მაისში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლის, დრამისა და ევროს გამყარება, მცირედით გამყარდა თურქული ლირაც; ლარი გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 5.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გაუფასურებამ კი 2.3% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 5.8%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 2.0%-ია.

ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის.

სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში - დაბალი.

ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენციაა, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.