„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები“, - ასე ფიქრობს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა და თავს წარმატებით ართმევს სიტუაციის კონტროლს.
„დღეს რა სურათიც გვაქვს და იმით, რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა. ვგულისხმობ, იმას რომ როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინების შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს," - განაცხადა ანგურიძემ და დაამატა, რომ, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და, მეორეს მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებით ლარის გაუფასურება მოსალოდნელი აღარაა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში, ჯამურად, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 124.5 მლნ აშშ დოლარი იყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაცია, მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
სებ-ი წელს 1.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო ზოდებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით გაყიდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ მიერ ოქროს შესყიდვა მოხდა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.
სებ-მა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს შესყიდვა და მისი რეალიზაცია 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბრიდან-მაისის პერიოდში სებ-ი სავალუტო რეზერვების მიღმა თვიდან თვემდე საშუალოდ 2 მილიონი დოლარის ოქროს ინახავდა, თუმცა 2024 წლის მაისიდან ამ ოქროს მოცულობა ჯერ 10 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო უკვე სექტემბრისთვის მისმა მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია, ნოემბერში კი სებ-მა 45 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა, რის შედეგადაც ამ ოქროს მარაგის მოცულობა 3.7 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ბაზარზე ზოდებისა და სერტიფიკატების სახით რეალიზებული ოქროს მოცულობა დაახლოებით 511 კილოგრამს შეადგენს.
სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს.