ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელიც შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება - წლიურმა ცვლილებამ ნოემბერში 1.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტია. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.