ევროკავშირის ლიდერები შაბათს, იოჰანესბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.
ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიო კოსტას ინფორმაციით, ზელენსკი საქმის კურსშია.
„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის. განვიხილეთ მიმდინარე ვითარება და ჩვენთვის ცხადია, რომ უკრაინაში
არაფერი უნდა მოდეს უკრაინის გარეშე“, - განაცხადეს კოსტამ და ფონ დერ ლაიენმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და კიევი სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს.
ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი.
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.
რაღაც მომენტში ზელენსკის რაიმეს მიღება მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ოვალურ კაბინეტში განაცხადა, სადაც ნიუ იორკის არჩეულ მერთან, ზოხრან მამდანისთან შეხვედრა გამართა.
რამდენიმე კითხვა ეხებოდა აშშ-ის 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის შეჩერებას.
„ჩვენ გვაქვს გეგმა. საშინელებაა, რაც იქ ხდება. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს სირცხვილია. მათ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედათ, მაგრამ ახლა ცივი ზამთარია და დიდ ენერგეტიკულ სადგურებზე თავდასხმები ხდება. ჩვენ გვაქვს მშვიდობის მიღწევის გზა. ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს. ძალიან სამწუხაროა. მხოლოდ გასულ თვეს 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. საშუალოდ 6-7 ათასი სამხედრო იღუპება ორივე მხარეს ერთად. ვფიქრობ, ვუახლოვდებით დასრულებას, თუმცა პროგნოზირება არ მსურს”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ზელენსკის წინაშე არსებული არჩევანის შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „რაღაც მომენტში მას რაიმეს მიღება მოუწევს“.
„იმას გულისხმობთ, რომ ზელენსკის არ მოსწონს? უნდა მოეწონოს და თუ არ მოსწონს, მაშინ ალბათ, უბრალოდ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. რაღაც მომენტში, მას მოუწევს რაღაცის მიღება. გახსოვთ, ოვალურ კაბინეტში, არც ისე დიდი ხნის წინ, ვთქვი: „შენ ხელში კოზირები არ გაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.