მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია.
ნავთობის გაძვირების მიზეზებსა და შედეგებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა ისაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ნავთობის ფასების ცვლილებები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად მალე დასრულდება ომი ირანში.
„ირანში დაწყებულმა კონფლიქტმა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნავთობის ბაზარზე, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ იმით, რომ ირანმა იერიში მიიტანა სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ თითქმის სრულად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რაც უმნიშვნელოვანესი რგოლია ზოგადად, მსოფლიოს ნავთობის გადაზიდვებში. ამ სრუტიდან გადაზიდვები მიმართულია ძირითადად აზიური ბაზრებისკენ - იაპონიისკენ, ჩინეთისა და ინდოეთისკენ, თუმცა ბუნებრივია, რომ ჩაკეტვამ გავლენა მთლიანი ბაზრის ფასებზე იქონია.
ბუნებრივია, ნავთობის ფასის მატება მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე და აისახება ნავთობ პროდუქტებზე, მათ შორის, ბენზინზე, რასაც უკვე ვხედავთ საქართველოშიც - საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო. როგორც წესი, ნავთობის ფასის მატებას დიდ ხნიანი დაგვიანების ეფექტი არ ახასიათებს, ცვლილება ფასებზე რამდენიმე დღეში აისახება.
როგორ გაგრძელდება ნავთობის ფასების დინამიკა ბაზარზე, ეს სრულად დამოკიდებულია, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება კონფლიქტი ირანში. იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მალე დასრულდა, მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი მალევე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, ხოლო თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდა, ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და შესაძლოა, მომდევნო პერიოდში ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რაც გავლენას მოახდენს ინფლაციურ პროცესებზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში“, - აცხადებს ოთარ ცუხიშვილი.