ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მალე დასრულდება, მატერიალური ზეგავლენა მაკრო ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითი არ იქნება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთავარი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიადგა.
„მაინც არსებობს მოლოდინი, რომ მოკლევადიანი კონფლიქტი იქნება, რაც ტრამპის ბოლოდროინდელმა განცხადებამაც განაპირობა და ეს ნავთობის ფასებზეც ჩანს, ცოტა უკვე დაიწია კიდეც. ამ სცენარში, ანუ თუ ვიხილეთ ამ სამწუხარო მოვლენების სწრაფი დასრულება, მატერიალური ზეგავლენა, ყოველ შემთხვევაში, მაკრო ეკონომიკურ გარემოზე, უარყოფითი არ იქნება - კურსზე უფრო ნეიტრალური და ზრდაზე ალბათ, ცოტა უფრო ნეგატიური“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
მისივე თქმით, ნავთობის ფასები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე, როგორც გლობალური ეკონომიკაა მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო ღია ეკონომიკაა და თუ ნავთობის ფასის ცვლილებამ გლობალურად დიდი კატაკლიზმები გამოიწვია, ცხადია, ეს საქართველოზეც იმოქმედებს.
„ჩვენ იმპორტიორები ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნეგატიურია მაღალი ფასი პირველ რიგში ინფლაციის კუთხით. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით ნავთობის ფასი ჩვენთვის ყოველთვის ნეგატიური იყოს, რადგან ნავთობში კი ვიხდით მეტ ფულს და ეს ფული გადის, მაგრამ ის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები, რომლებიც ნავთობზე არიან დამოკიდებული, უფრო მეტ შემოსავალს იღებენ. ამდენად, ამ კუთხით ძალიან ნეგატიურ მაკრო ეფექტს არ განვიხილავ“, - ამბობს ოთარ ნადარაია.
რაც შეეხება ტურიზმს, როგორც ოთარ ნადარაია აღნიშნავს, ყველაზე მეტად სწორედ ეს სექტორი დაზარალდა.
„ყველაზე მგრძნობიარე ტურიზმის სექტორია და ჩანს კიდეც უკვე დანაკლისები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შოკს უფრო კარგად შევხვდით იმ გაგებით, რომ ძალიან სწრაფად იზრდებოდა ტურიზმი, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვე რომ ავიღოთ - ნოემბრის შემდეგ. ერთია, როცა ძალიან სწრაფად იზრდება სექტორი და იქ არის დანაკლისი, შედეგად კი შეიძლება ნაკლები ზრდის ტემპი მივიღოთ ან მცირე შემცირება და მეორეა, როცა მკვეთრ ვარდნას ვიღებთ.
რაც შეეხება ლარს, მართალია, არის ლარის გაუფასურება, მაგრამ ეს გაუფასურება ძალიან მცირეა. მეორე საკითხია, ვალუტის რომელ წყვილს შევხედავთ - ჩვენთან ლარი-დოლარი განიხილება, თუმცა ევროსთან თუ შევხედავთ, ლარი ცოტა გამყარდა კიდეც. საბოლოო ჯამში, ძირითადი მაკრო ეკონომიკური შოკი ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს“, - აღნიშნავს ოთარ ნადარაია.