თბილისის სასტუმრო ბაზარი ჭარბი მიწოდების პირობებში იმყოფება, რამაც საინვესტიციო გარემო და ბიზნესის მოგებიანობის მარჟა რადიკალურად შეცვალა - ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, თუ წლების წინ ინვესტიციის ამოღება 5-6 წელიწადში იყო შესაძლებელი, დღეს ეს მაჩვენებელი 18-20 წლამდეა გაზრდილი.
შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, 2015-2018 წლებში არსებულმა მაღალმა მაჩვენებლებმა ინვესტორებში გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, რაც საბოლოოდ ბაზრის გაჯერებით დასრულდა.
„ბუმი განაპირობა 2015-2018 წლის ციფრებმა, როცა სასტუმროების ნაკლებობა გვქონდა, სასტუმრო ოთახები - ნაკლები და თბილისის ფასები თითქმის ევროპის ფასების ტოლფასი იყო. სასტუმროები ინვესტიციის ამოღებას 5-6 წელიწადში ახერხებდნენ. ამ ციფრების საფუძველზე, ბევრმა ინვესტორმა და ბევრმა ქართველმა ინვესტორმაც გადაწყვიტა სასტუმრო აეშენებინა. უბრალოდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ის შედეგი აღარ დადგა, რაზეც თავიდან იყო გათვლა“, - აცხადებს ალავერდაშვილი.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით თბილისში 8-10 ათასი ოთახით მეტია, ვიდრე ამას რეალური მოთხოვნა საჭიროებს. ინვესტიციის უკუგების ვადის ზრდამ შეცვალა ინვესტორთა ქცევაც. თუ ადრე მცირე ზომის სასტუმროები მოგებიან ბიზნესად ითვლებოდა, დღეს ბაზარი მსხვილი, ბრენდული პროექტებისკენ იხრება.
„შეცვლილია საინვესტიციო გარემო, შეიცვალა ინვესტირების ხარჯები. ინვესტირება ამ წუთისთვის ბრენდულ მაღალი ხარისხის სასტუმროებში ხდება, რადგან ამ სასტუმროებს უფრო დიდი შემოსავალი და უფრო მეტი ნდობა აქვთ სტუმრების მხრიდან. ტენდენცია, რომ პატარა, 2-3-4 მილიონის ფარგლებში სასტუმროს გავაკეთებ და ამ ინვესტიციით შემდგომში ფულს ამოვიღებ - ამ ეტაპისთვის ასე აღარ არის. ახლა საინვესტიციო პორტალი გაზრდილია მინიმუმ, 15 მილიონ დოლარიდან და ზემოთ“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბრენდული სასტუმროები კვლავ ინარჩუნებენ მიმზიდველობას, საინვესტიციო უკუგების კოეფიციენტი აქაც საგრძნობლადაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი ვერ მოხვდა 2025 წლის იმ ტოპ10 სექტორში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, 2024 წელს სექტორი ათეულში 6-ე ადგილზე იყო 55 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით.