რადიო გადაცემამ „კომერსანტის თემა“ ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს უმასპინძლა. საუბრის თემა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავას შეეხებოდა.როგორც გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა ნოდარ სირბილაძემ აღნიშნა, ამ თემას „კომერსანტიც“ აქტიურად ადევნებს თვალს. მისი თქმით, სულ ახლახანს რადიო-ეთერის სტუმარი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, რომელმაც ამ დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე ისაუბრა.
„რადიო-ეთერის შემდგომ შედგა კომუნიკაცია ქალბატონ ნათია ჯანაშიასთან, რომელმაც დაგვაკავშირა მისი წარმომადგენელი, პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე. თეონა ბაღდავაძეს შევთავაზეთ ნათია ჯანაშიას, ან მისი წარმომადგენლის პოზიციის დაფიქსირება ეთერში. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიკავშირდა იურისტი სალომე ჭურაძე, რომელიც მოვიწვიეთ ეთერში, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მან უარი განაცხადა ეთერით სარგებლობაზე“, - აღნიშნა გადაცემის შესავალ ნაწილში ნოდარ სირბილაძემ.
ნოდარ სირბილაძის თქმით, სამწუხაროდ, დღემდე, ნათია ჯანაშიას მხრიდან მეტი კონკრეტული კომუნიკაცია აღარ ყოფილა.
„ვსარგებლობ დღევანდელი ეთერით და მინდა მივმართო ქალბატონ ნათია ჯანაშიას წარმომადგენლებს - პიარ მენეჯერ თეონა ბაღდავაძეს და იურისტ სალომე ჭურაძეს, რომ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და კომერსანტი კვლავ მზადაა, ნებისმიერ ფორმატში დაუთმოს ქალბატონ ნათია ჯანაშიას ეთერი“, - ამ ხელახალი შეთავაზებით დაასრულა გადაცემის შესავალი ნაწილი ნოდარ სირბილაძემ და „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავის თაობაზე კითხვებით ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს მიმართა, რომელიც გასულ კვირაში საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა.
გთავაზობთ გიორგი ცუცქირიძის მიერ რადიო-ეთერით გამოსვლის საპუბლიკაციო ვერსიას:
„კორპორაციული დავების პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, რომლებიც ეხება წილების გაყიდვას და მის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს. ასეთი დავები განსაკუთრებით თვალსაჩინოა,როდესაც მეწილე იწყებს საუბარს გარიგების „უსამართლობაზე“ გარკვეული დროის შემდეგ.მაგალითად, სიტუაცია, როცა მეწილემ, რომელიც კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო, ნებაყოფლობით გაყიდა თავისი წილის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო დავა გარიგების ფასის უსამართლობაზე.
კორპორაციული სამართლის პრაქტიკაში მსგავსი სურათი ხშირად ქმნის სკეპტიკურ დამოკიდებულებას მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ, რადგან გარიგება მთლიანად შეესაბამება კომერციული გადაწყვეტილების ლოგიკას.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მეწილემ გაყიდა წილის ნაწილი, მაგრამ დარჩა, მაგალითად, 30%-იანი წილი, როგორც ეს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავაშია. ეს ნიშნავს, რომ ნათია ჯანაშია (წარსულში 100%-ის მფლობელი და ამჟამად 30%-იანი წილის მესაკუთრე) კვლავ რჩება კომპანიაში მეწილედ - „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ - 70%-იან მეწილესთან ერთად და აქვს ეკონომიკური ინტერესი.
ასეთი შემთხვევა შეიძლება შეფასდეს ინფორმირებულობის პრეზუმფციად — ანუ მიიჩნევა, რომ ყოფილი მესაკუთრე და დღესაც თაანამესაკუთრე, თავად აკონტროლებდა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს, სანამ იყო დირექტორი, და გაყიდვაზე დათანხმდა ნებაყოფლობით. რაც ნიშნავს, რომ პირი, გარიგების დროს, როგორც წილის გამსხვისებელი პირი, კარგად იყო ინფორმირებული საკუთარი აქტივების რეალურ ღირებულებაზე.
ამ დავის დაწყების დრო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ დავა იწყება დირექტორობიდან გაშვების შემდეგ, ეს შეიძლება შეფასდეს,როგორც ერთგვარი „წითელი სიგნალი“.
მაგალითად, თუ თავდაპირველი გარიგებიდან გავიდა 5 წელი, გარიგება დაიდო 2019 წელს, ხოლო დავა დაიწყო 2024 წელს და მოსარჩელე იწყებს დავას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკარგა დირექტორის პოზიცია, იგივე კორპორაციული სამართლის მიხედვით ხშირად განიხილება, რომ დავა წარმოიქმნა დეტალებით შეცვლილი ძალთა ბალანსის შედეგად და არა გარიგების რეალური პრობლემის გამო.
ეს გარემოება კიდევ უფრო ასუსტებს მოსარჩელის არგუმენტს, რადგან ჩანს, რომ დავა უფრო სტრატეგიული ან კომერციული მოტივით არის წამოწყებული, ვიდრე სამართლებრივი საფუძვლით.
ამასთან, თუ მოსარჩელე პარალელურად იწყებს დავას, მაგალითად, ლონდონის სასამართლოში, იმ მოტივით, რომ „საქართველოს სასამართლოები მოკლებულია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას“ (ციტატა ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას შეტანილი სარჩელიდან), ეს ფაქტი დავის პოლიტიკურ ასპექტს უფრო უსვამს ხაზს.
პოლიტიკური ასპექტი აქ გამოიხატება არა სახელმწიფოს ჩარევაში, არამედ სასამართლო ინსტიტუტების ნდობის დისკრედიტაციაში. პრაქტიკაში ეს ნარატივი თავისებური ინდიკატორია, რომ დავა არის სტრატეგიული ან პოლიტიკური მოტივით წამოწყებული, რაც განასხვავებს მას სამართლებრივი დავის კლასიკური მახასიათებლებისგან.
საინტერესოა, რომ მოსარჩელის არგუმენტი ხშირად ეფუძნება მომავალი ინვესტიციის ან ეკონომიკური სარგებლის დაკარგვას. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ეს აღიქმება, რომ თუ გარიგების მიზანი იყო ახალი ინვესტიციის მოზიდვა, ეს არის ლეგიტიმური წმინდა კომერციული ნაბიჯი. წილის გაყიდვა ინვესტორის შემოსაყვანად წარმოადგენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას,რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ზრდასა და განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ შეაფასა გაყიდული წილის საბაზრო ღირებულება. „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც რეალურად საბაზრო ფასზე ნახევარი მილიონი ლარით მეტი იყო.
ეს დამოუკიდებელი შეფასება წარმოადგენს ძლიერ მტკიცებულებას, რადგან ადასტურებს, რომ გარიგება ფასის მხრივ სრულად შეესაბამებოდა ბაზრის პირობებს. ქვეყნის წამყვანი საექსპერტო ბიუროს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვან არგუმენტად გამოიყენება,რომელიც ადასტურებს, რომ გარიგება იყო კომერციულად გამართული.
ამ ტიპის დავებისას ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება,რომ გარიგება ფასდება შესრულების მომენტისთვის, არა მომავლის პროგნოზებისა და შემდგომი წარმატების მიხედვით.
თუ ინვესტიცია თავდაპირველად ვერ განხორციელდა, მაგრამ კომპანიამ მაინც შეძლო წარმატებით განვითარება, ქალბატონ ნათია ჯანაშიას არგუმენტი, რომ გარიგება უსამართლო იყო, მნიშვნელოვნად სუსტდება.
ასეთ დროს აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფასზე, არამედ გარიგების მომენტში არსებული პირობების ინფორმირებულობაზე.
მოსარჩელეს დასაყრდენი უნდა ჰქონდეს, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა ან არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, რაც ასეთი შემთხვევების უმეტესობაში ვერ დგინდება ან მეტად ძნელი დასადგენია.
კომპანიის შემდგომი ზრდა და ფინანსური გაძლიერება კიდევ უფრო აძლიერებს მოსაპასუხე მხარის („საქართველოს განათლების ჯგუფის“) არგუმენტს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყონორმალური ბაზრის პირობებში. ბიზნესში ყოველთვის არის კომერციული რისკი, ხოლო კომპანიის წარმატება აჩვენებს, რომ გარიგების პირობები იყო საფუძვლიანი.
მოსარჩლის არგუმენტი, რომელიც ეფუძნება მომავალი ფინანსური სარგებლის ან პოზიციის ცვლილებას კომპანიის მართვაში, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს, თუ გარიგება იყო ნებაყოფლობითი, ხელშეკრულებით დადგენილი და ინფორმირებული, თუნდაც მომავალი ინვესტიციების ჩადების პირობით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ
- ფასი ფასდება გარიგების მომენტისთვის, არა მომავლის პროგნოზების მიხედვით.
- შეთანხმებული ინვესტიციის თუნდაც არასრულყოფილი შესრულება ითვლება კომერციულ რისკად, რომელიც მეწილეს უნდა მიეღო თავის თავზე.
- ნათია ჯანაშიას ჰქონდა სრული წვდომა და კონტროლი ინფორმაციაზე, რაც ქმნის ინფორმირებულობის პრეზუმფციას.
- კომპანიის შემდგომი წარმატება და ექსპერტიზის დასკვნა კიდევ უფრო ზრდის მოპასუხის არგუმენტის სანდოობას.
კორპორაციული გარიგებების განხილვისას, წილის გაყიდვის შემდგომი დავები ძირითადად ორიენტირებულია გარიგების მომენტში ინფორმირებულობასა და ნებაყოფლობითობაზე, ხოლო ნებისმიერი მომავალი ინვესტიცია ან ფინანსური განვითარება ფასდება მხოლოდ კომერციულ კონტექსტში, რაც უკვე დავის სასამართლოში გადატანისას, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გარემოებების კომბინაცია აჩენს სერიოზულ ეჭვს ნათია ჯანაშიას მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიმართ. თუმცა ამავდროულად, პრაქტიკაში ეს იძლევა საშუალებას, რომ დავა ხშირად დასრულდეს გარიგების ლეგიტიმურობის აღიარებით, თუნდაც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს კომერციული მოტივები ან მომავლის ფინანსური პერსპექტივები“, - აღნიშნა რადიო ეთერით თავის გამოსვლაში ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ.