ბოლო წლებში საქართველოში კაპიტალის მართვისა და დანაზოგების მიმართულებით სრულიად ახალი, მიდგომა ყალიბდება. კერძო სექტორის გაძლიერების, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, ინდივიდუალური ინვესტორებისა თუ ბიზნესებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - როგორ უნდა იმართოს კაპიტალი ეფექტიანად გრძელვადიან პერსპექტივაში.

თუ წარსულში დანაზოგის განთავსების ძირითადი ინსტრუმენტი საბანკო დეპოზიტი იყო, დღეს ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ისეთი გადაწყვეტილებებით, რომლებიც დივერსიფიკაციას, პროფესიონალურ მართვასა და სხვადასხვა აქტივების კლასებზე წვდომას აერთიანებს. ფინანსური შუამავლები ხედავენ ამ საჭიროებებს და ბაზარზე ჩნდება ახალი ობლიგაიცები, საინვესტიციო პლატფორმები, საპენსიო და საინვესტიციო ფონდები.

ამ ტრანსფორმაციის ფონზე ასევე ჩნდებიან ახალი აქტორები, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობენ ბაზარს, არამედ თავად ქმნიან ინვესტირების ახალ შესაძლებლობებს. მათი როლი სცდება ტრადიციული ფინანსური შუამავლობის ფარგლებს. ისინი აერთიანებენ კაპიტალს, აფასებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მართავენ რისკებს და ქმნიან სტრუქტურებს, რომლებიც ინვესტორებს უფრო ფართო ბაზრებზე წვდომის საშუალებას აძლევს. ისინი ქმნიან მექანიზმს, რომლის საშუალებითაც კაპიტალი უფრო ეფექტიანად ნაწილდება ეკონომიკაში, ხოლო ინვესტორები იღებენ წვდომას ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა დამოუკიდებლად განხორციელებაც ხშირად რთული ან არაეფექტიანია.

ეს ცვლილებები გლობალურ ტენდენციებსაც ეხმიანება. განვითარებულ ეკონომიკებში ფინანსური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საინვესტიციო ფონდების მეშვეობით იმართება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების ბუნებრივი ეტაპია ისეთი ინსტიტუტების გაძლიერება, რომლებიც ინვესტორებს პროფესიონალურ საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომას სთავაზობენ.

სწორედ ასეთ კონტექსტში ვითარდება BOG Asset Management - კომპანია, რომელიც Lion Finance Group-ის ნაწილია და ერთგვარი გზამკვლევის როლს თამაშობს ახალი შესაძლებლობების ხანაში.

რას ნიშნავს აქტივების მართვა პრაქტიკაში

აქტივების მართვის კომპანია ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარი „გამტარის“ როლს ასრულებს ინვესტორსა და გლობალურ ბაზრებს შორის. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საინვესტიციო ფონდების - ე.წ. კოლექტიური პორტფელების შექმნა, რომლებიც ეხმარება ინვესტორებს მიიღონ როგორც სხვადასხვა აქტივებზე წვდომა ასევე პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერა საინვესტიციო პროცესში.

ეკონომიკური ზრდისა და დაგროვილი კაპიტალის ზრდასთან ერთად ინვესტორების მოთხოვნებიც იცვლება - სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ისეთი ინსტრუმენტების მიმართ, რომლებიც დანაზოგის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ მის გრძელვადიან ზრდასაც ემსახურება. საწყის ეტაპზე საქართველოში მხოლოდ დეპოზიტების საშუალებით შეიძლებოდა დანაზოგის დაგროვება და შემდეგ ინვესტიციის განხორციელება. დღეს უკვე შეგვიძლია ვისარგებლოთ მზარდი ობლიგაციების განთავსებით, სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პლატფორმებით და კოლექტიური ინვესტიციის შესაძლებლობებით.

საინვესტიციო ფონდი ერთერთი მექანიზმია, რომელიც მრავალი ინვესტორის კაპიტალს ერთიან პორტფელში აერთიანებს. ეს რესურსი კი სხვადასხვა აქტივში - აქციებში, ობლიგაციებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირდება, ფონდის თითოეულ მონაწილეს კი შესაძლებლობას აძლევს, ფლობდეს ამ მრავალფეროვანი პორტფელის წილს.

პროცესს სათავეში აქტივების მართვის კომპანია უდგას: სწორედ ის განსაზღვრავს კაპიტალის მართვის სტრატეგიას და პროფესიონალ გუნდთან ერთად არჩევს ინვესტიციებს. აქტივების კლასების და შესაბამისი რისკის დონეების შერჩევით, შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო მიზნების გაერთიანება ერთ საინვესტიციო ფონდში.

პროდუქტები კაპიტალის ბაზრის ახალი სტანდარტებისთვის

BOG Asset Management-ის სტრატეგიის ცენტრშიც სწორედ კოლექტიური საინვესტიციო ფონდებია.

კომპანია უკვე ფლობს და ავითარებს როგორც კვალიფიციური ინვესტორების ფონდს ასევე კერძო საპენსიო ფონდს. თითოეული ფონდი კონკრეტულ საინვესტიციო მიზანს, რისკ-პროფილსა და შემოსავლის მოლოდინს ემსახურება, რაც ინვესტორებს საკუთარი საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია რომ BOG Asset Management-ის მართვაში მყოფი საქაერონავიგაციის საპენსიო ფონდი პირველი კერძო საპენსიო ფონდია საქართველოში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს გაზარდონ საპენსიო დანაზოგი და ისარგებლონ არსებული საგადასახადო შეღავათებით. ეს უნიკალური შემთხვევა არის კარგი დასაწყისი კერძო საპენსიო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის.

საინვესტიციო ფონდების მიმართულებით კომპანიის პირველი პროდუქტის - „კორპორატიული საკრედიტო პორტფელის ფონდის“ - პირველი ტრანშის წარმატებულმა განთავსებამ ბაზრის რეალური სურათი საკმაოდ მკაფიოდ აჩვენა.

20.0 მილიონამდე აშშ დოლარის პირველი ტრანშის ემისია გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო კვალიფიციური ინვესტორების მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას.

BOG Asset Management-ის დირექტორის, ნიკა მეგუთნიშვილის შეფასებით, “ეს შედეგი მიუთითებს არა მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის წარმატებაზე, არამედ იმაზე, რომ ინვესტორები უფრო კომპლექსური და დივერსიფიცირებული გადაწყვეტილებებისთვის მზად არიან.“

გარდა ამისა კომპანია ასევე მართავს თანამედროვე სტანდარტების დოლარის ლიკვიდურ ფონდს რომლის მიზანიც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შენარჩუნება და შესაბამისი მომგებიანობის გაუმჯობესებაა კვალიფიციური ინვესტორებისთვის.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რეგულაციებთან სრული შესაბამისობაა. სწორედ რეგულაციური ჩარჩო განსაზღვრავს იმ სტანდარტს, რომლის ფარგლებში მიიღება ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება, ხოლო საბოლოო არჩევანი გუნდის პროფესიონალიზმსა და მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

ვინ არიან BOG Asset Management-ის მთავარი ინვესტორები

BOG Asset Management ამჟამად კერძო და ინსტიტუციურ სეგმენტზეა ორიენტირებული, თუმცა კომპანიის გრძელვადიანი ხედვა ამით არ შემოიფარგლება. გეგმაშია ისეთი პროდუქტების განვითარება, რომლებიც ფართო აუდიტორიას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი დანაზოგები უფრო ეფექტურად მართოს.

როგორც ნიკა მეგუთნიშვილი ამბობს „საინვესტიციო კულტურა მხოლოდ სურვილით არ იქმნება - ის ჩნდება იქ, სადაც ინვესტორს გააჩნია რეალური ინსტრუმენტი საკუთარი კაპიტალის ეფექტიანად სამართავად. ჩვენ სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს ვქმნით, რითაც ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან და გახდნენ იმ ფინანსური განვითარების რეალური მონაწილეები, რაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ შორეულ პერსპექტივად მიიჩნეოდა“.