ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განმარტებით, დღეს, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.

ამის შესახებ მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„როგორც ამ კვირაში აღვნიშნე, დღეს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება. ეს სავიზო რეგულაციის მექანიზმით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესია, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იწყება. ეს მოჰყვება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 12 თვის ვადით დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ლამერტმა.

მისი თქმით, დღევანდელი „შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია“.

„სწორედ ამის შესახებ იქნება საუბარი. ასევე, შეხსენებისთვის იმ გარემოებებს აღვნიშნავ, რამაც შეჩერება გამოიწვია, კერძოდ, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი