5-7 ივნისს, მიკრობანკი ემბისის მენეჯმენტი დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 35-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმს, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, მიკრობანკის გუნდმა, არაერთი შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საინვესტიციო კომპანიებისა და სხვა პოტენციური პარტნიორების წარმომადგენლებთან და განიხილა ემბისის საქმიანობა, განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იყო „ეკონომიკური ინოვაციები ცვალებად მსოფლიოში“. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკების ადაპტაციას ცვალებად გარემოში, ინოვაციებისა და მწვანე ტრანზიციის როლს, ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

როგორც ემბისიში აცხადებენ, EBRD-ის ბიზნეს ფორუმში ჩართულობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კომპანიის საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისა და სამომავლო დაფინანსების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ამ მასშტაბის გლობალურ შეხვედრაზე ემბისის მენეჯმენტის მონაწილეობა ხაზს უსვამს მიკრობანკის მზაობას, ფეხი აუწყოს საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს, გააღრმავოს პარტნიორობა გლობალურ ინსტიტუტებთან და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ბიზნეს-გარემოს განვითარებას,“ - ამბობს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ EBRD საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.

გია პეტრიაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ემბისი იმ მცირერიცხოვანი ქართული ორგანიზაციებიდანაა, ვინც საერთაშორისო კაპიტალზე წვდომით მრავალი წელია სარგებლობს. ზოგადად, ემბისის საერთაშორისო აქტივობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. 2025 წელს, კომპანიის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულმა სახსრებმა ჯამურად 54 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

„2025 წლის განმავლობაში, „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ემბისიმ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯამში 60 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. აღნიშნული ემისია კომპანიისთვის რიგით მეოთხე გახლდათ. ემბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ემისიაზე კომპანიის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. ეს საპენსიო ფონდის მხრიდან მიკრობანკებთან პარტნიორობის პირველი პრეცედენტია,“ - ამბობს გია პეტრიაშვილი.