IMF-მა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა IMF-ის მისიასთან.
„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან,“- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ გასული წლის ივნისში საქართველოს სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement) დაუმტკიცა, რომლის მოცულობაც 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. IMF-ის განმარტებით, პროგრამის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის ფისკალური ბუფერების შევსება, ფისკალური ჩარჩო წესების გაძლიერება, საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, საფინანსო სექტორის მდგრადობის განმტკიცება და მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) საქართველოში 27 აპრილიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის შეფასება იყო. მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი გახდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც 11 მაისს ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ რელიზში იყო აღნიშნული, იმ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას არ გეგმავდა.