საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის უცხოურ ბანკებში დოლარის გადარიცხვებს ასახელებს. ნიკა შენგელია კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, როდესაც ,,თი-ბი-სი“ ბანკიდან ჩინეთში დოლარის გადარიცხა ვერ ხერხდებოდა. ეკონომისტი აცხადებს, რომ პრობლემა რუსული და ბელორუსული ბანკების დასანქცირებამაც განაპირობა.
,,შეფერხებებია გადარიცხვებში. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. გადარიცხვებში შეფერხებებია ჩინეთის, დუბაისა და აზიური ქვეყნების მიმართულებით. დოლარის კუთხით გადარიცხვებში შეფერხებებია. ძალიან ბევრ დამატებით საბუთს მოითხოვენ. იყო შემთხვევები, როდესაც ,,თი-ბი-სი“ ბანკიდან ჩინეთში დოლარის გადარიცხვა იყო პრობლემა. კლიენტებს ეუბნებოდნენ, რომ ჯერ ჩამოვიდეს საქონელი და მერე გადაგირიცხავთ თანხასო. რაღაც, აბსურდული შემთხვევები იყო. ბანკების დასანქცირების გამო ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით ყველა ბანკში ვერ ირიცხება თანხები.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი საბანკო სისტემაზე არსებულ სხვა პრობლემაზეც მიუთითებს. ამბობს, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე სტარტაპებისთვის. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესებს, მათაც უჭირთ სესხის აღება, რადგან ეს ბიუროკრატიული პროცედურების გავლასა და უამრავი საბუთის წარდგენას მოითხოვს.
,,სესხის გაცემის კუთხით რეგულაციებია. მაგალითად, სტარტაპს არ აფინანსებენ. 6 თვის ისტორია უნდა ჰქონდეს. სესხების გაცემის კუთხით ვამბობთ, რომ პრობლემებია ქართულ ბანკებში. სესხზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. სესხი ფაქტობრივად ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის, რომლებიც წლებია არიან ბაზარზე და აქვთ დიდი ბრუნვები. ამ კომპანიებს შედარებით უადვილდებათ, თუმცა იქაც ბევრი საბუთი სჭირდებათ. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ქართულ საბანკო სისტემას ურჩევნია ფული იშოვოს ოპერაციებში, ვიდრე ბიზნესს მისცეს ეს თანხა და შემოსული პროცენტით ნახოს მოგება. ასეთი მოგება მთლიანად საბანკო ამონაგების მხოლოდ 30%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსებას, ჩვენი საბანკო სისტემა ყოველთვის ძალიან ცუდად მუშაობდა ამ კუთხით. იყო პერიოდი, რომ საერთოდ ყველა წარმოებული ოპერაციიდან 20%-მდე იყო ბიზნესის დაკრედიტება. ახლა ცოტა მომატებულია, მაგრამ არა ისე, რომ ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ განვითარებულია მევახშეობის ინსტიტუტი და ფაქტობრივად ბანკიდან თანხის აღება არის ძალიან გართულებული.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი განმარტავს, რომ პრობლემას წარმოადგენს იპოთეკური სესხების გაცემაც. უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებს მოქალაქეები ვერ ადასტურებენ, რის გამოც ბანკები მათზე სესხის გაცემისგან თავს იკავებენ. - ,,ის მოქალაქეები, რომლებსაც უცხოეთში აქვთ შემოსავალი მათთვის ფაქტობრივად იპოთეკით ბინის ყიდვა გართულებულია. იმიტომ, რომ ბანკებს აქვთ პრეტენზიები, რომ ვერ ადასტურებენ მათ შემოსავლიანობას. მე ვფიქრობ, რომ სხვა ოპერაციები უფრო ხელსაყრელია ბანკებისთვის.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
რატომ იკავებენ თავს ბანკები სესხების გაცემისგან? კითხვაზე ნიკა შენგელია გვპასუხობს, რომ მათ ურჩევნიათ მოგება სხვა ოპერაციების გზით მიიღონ, რადგან სესხების გაცემაში რისკებს ხედავენ.
,,ოფიციალურად ხომ არ იტყვიან რა რისკებს ხედავენ. ამ შემთხვევაში რისკებს იმიზეზებენ. ვფიქრობ, რომ ბანკებისათვის უპრიანია თანხა დააბანდონ სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებში, თანხები ატრიალონ ვალუტის გადაცვლაში, ყიდვა-გაყიდვასა და სხვა ასეთ მომსახურებებში, რომლებსაც თავის ტკივილის გარეშე შემოაქვს მოგება.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.