საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ ჯამში 18 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ორგანიზაციაში რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის შემთხვევები, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
კერძოდ, „ალფა ექსპრესს“ 6 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ინფორმაციის არასწორად წარდგენის სამი შემთხვევისთვის. დამატებით, 2 000 ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ ერთ კლიენტთან მიმართებით არ დაადგინა საქმიანობის არსი, ხოლო 3 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა ფულადი სახსრების წარმომავლობის შეუსწავლელობისთვის.
ყველაზე დიდი, 7 000-ლარიანი სანქცია ორგანიზაციას ეროვნული ბანკის მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა.
საბოლოოდ, გამოვლენილი დარღვევების ერთობლიობის საფუძველზე, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალფა ექსპრესს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა მოუწევს.