„საქართველოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებელი პრეზიდენტი ჰყავდა, როცა პრეზიდენტი მე ვიყავი" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გოცირიძე განმარტავს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა.
„მათ ორი გეგმა ჰქონდათ - ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრს ეროვნული ბანკის წევრად წარადგენდა სალომე ზურაბიშვილი, რადგან მას გაუკეთებია ბევრჯერ მსგავსი რამ. სალომე ზურაბიშვილმა 2 წლის წინ, პატიოსნად შეარჩია ორი კანდიდატურა, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში ადგილი თავისუფალი იყო. როგორ მოიქცა პარლამენტი? - წელიწად ნახევრის განმავლობაში არც კი განიხილა, მერე გამოიტანეს პარლამენტში და ჩააგდეს, მე მივეცი, ერთადერთმა ხმა. ამის შემდეგ, სალომე მოათვინიერეს და ახლა უნდოდათ ისევ სალომე ზურაბიშვილის ამ ძველი ქცევებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ფინანსთა მინისტრი დაესვათ, მაგრამ ამ დროს, სალომე ზურაბიშვილის ფერიცვალება მოხდა, ანუ მან დაიწყო გაბრძოლება. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ და გარკვეულწილად, ივანიშვილის მიმართაც, ვიცით, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ოლიგარქი უწოდა და თუ როგორ გამოვიდა პარლამენტში, ასევე, 26 მაისს, რა დღე აყარა, ძალიან კარგად ვნახეთ. ანუ, მათი გზები სამუდამოდ გაიყარა.
როცა კობა გვენეტაძეს ვადა ეწურებოდა, დაგვიანებით დაიწყეს კანონის მიღება, კობა გვენეტაძე რომ გავიდა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ვერ მოასწრეს, ამიტომ, კობა გვენეტაძემ დანიშნა არჩილ მესტვირიშვილი, დღევანდელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, თორემ სინამდვილეში, მათ უნდოდათ პირველ პრეზიდენტად დაენიშნათ ნათია თურნავა, რომელიც დაელოდებოდა თუ შეიძლება ასე ითქვას, სალომე ზურაბიშვილის მორჯულებას და თუ სალომე ზურაბიშვილი გაჯიუტდებოდა, ის იქნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი წელიწად ნახევრის განმავლობაში, ანუ სანამ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის დეკემბერში, პრეზიდენტობას არ მორჩებოდა, მათ საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდათ.
სავალუტო ფონდი პროგრამას გააჩერებს, საქართველოსთან მას 3-წლიანი პროგრამა აქვს და სავალუტო ფონდის პროგრამის გაჩერება, ეს არის სიგნალი მსოფლიო ბანკისთვის, ევროპის ბანკისთვის, აზიის განვითარების ბანკისთვის, ეს არის რეპუტაციის დაზიანება და საინვესტიციო კლიმატის გაუარესება“, - განაცხადა მან.
გოცირიძის თქმით, ეროვნულ ბანკს დამოუკიდებელი პრეზიდენტი თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში ჰყავდა.
„საქართველოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებელი პრეზიდენტი ჰყავდა, როცა პრეზიდენტი მე ვიყავი. ამ 35 წლის განმავლობაში რამდენი პრეზიდენტი გამოიცვალა, ყველამ 7-წლიანი ვადა ამოწურა, მე ვარ ერთადერთი, რომელიც შუა პერიოდში წამოვედი, გავეცალე იქაურობას, რადგან ბევრი ზეწოლა და მცდელობა იყო სწორედ იმის გამო, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვიყავი, წინააღმდეგობა მქონდა ნოღაიდელთან, რომელსაც ცხვირის ჩაყოფა უნდოდა საბანკო სისტემაში და ფავორიტი ბანკები ჰყავდა, ამას არ მოვყვები, არ ღირს. როცა საბანკო და საფინანსო სისტემაში არავის ვაყოფინებდი ცხვირს, ბუნებრივია, მტრები გაჩნდა და ვინაიდან, ჩემ წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ფინანსურ სისტემას აზიანებდა და მე იქიდან წამოვედი“, - განაცხადა გოცირიძემ.
bpn.ge