დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება. 2026 წლის პირველი აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ერთ კლიენტზე თითოეულ ბანკში, 30 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე იზრდება.
როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან თოდუა “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2025 წელს ბანკებს სავალდებულო შენატანების სახით სააგენტოში წლიურად 75 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ. შემდეგი წლისთვის, ლიმიტის ზრდის ფონზე კი გადასახდელი 80 მილიონი ლარი ექნებათ.
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 64 მილიარდ ლარს აჭარბებს. დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა - 11.3 მილიარდი ლარია. საიდანაც 10.3 მლრდ ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტებია, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 972 მილიონ ლარს შეადგენს.
ლევან თოდუას განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაფართოების შედეგად 2026 წლის ბოლოსთვის საბანკო სისტემაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა უკვე 15 მლრდ ლარს მიაღწევს. ეს კი მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 20% იქნება.
ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი უკვე მესამედ გაიზარდა. თავდაპირველად სისტემა 5000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტებს ფარავდა. 2020 წლიდან აღნიშნული ზღვარი 15 000-მდე, 2024 წლიდან კი 30 000-მდე გაიზარდა.