„გაცილებით მეტი ტურისტის მოლოდინი გვქონდა ზაფხულში - რუსები ინტენსიურად დადიან, ევროპის წილი ნაკლებია“ - გიორგი თეთრაძე„გაცილებით მეტი ტურისტის მოლოდინი გვქონდა ზაფხულში - რუსები ინტენსიურად დადიან, ევროპის წილი ნაკლებია“ - გიორგი თეთრაძე
„ზაფხულის სეზონი ცუდი არ იყო, მაგრამ მოლოდინი გაცილებით მეტის გვქონდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გიორგი თეთრაძემ განაცხადა.
როგორც თეთრაძე განმარტავს, წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე, სექტორს ჰქონდა მოლოდინი, რომ წელს ტურიზმის ზაფხულის სეზონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.
„წინა წლის გათვალისწინებით, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა უფრო მეტი ტურისტი და მეტი დატვირთულობა გიდებისა და მძღოლებისთვის, მაგრამ ისეთი სიტუაცია არ მივიღეთ, რა მოლოდინებიც გვქონდა. სეზონის განმავლობაში ბევრი თავისუფალი დღე გვქონდა, ამინდმაც შეგვიშალა ხელი, სეზონი გვიან დაიწყო. შედეგად ივნისი, ივლისი, აგვისტო მეც და ბევრ სხვა ისეთ გიდს, რომელიც მუდმივად დაკავებულია ხოლმე, თავისუფალი დღეები გვქონდა“, - ამბობს თეთრაძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სექტემბერი რთველის პერიოდის გამო დატვირთულია.
„სექტემბერი ყველასთვის დაკავებული პერიოდია, რადგან რთველია, სიცხეები იმდენად არ არის და ბევრისთვის შვებულების სეზონი სწორედ სექტემბერია - სექტემბერი თითქმის ყველას დაკავებული აქვს. ოქტომბერიც საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით კი პირველი ნახევარი. ნოემბერში მცირდება შედარებით ჯავშნები, თუმცა დატვირთულობა მეტ-ნაკლებად მაინც არის. გიდების, მძღოლებისა და სასტუმროების უმეტესობას ნოემბერში აქვთ თავისუფალი ადგილი. რაც შეეხება დეკემბერს, იკლებს ჯავშნები, მაგრამ საახალწლოდ ტურისტების დიდი ნაკადი იქნება“, - ამბობს გიორგი თეთრაძე.
სეგმენტურად წელს ტურისტების დიდი ნაწილი აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა. როგორც გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, ინტენსიურად შეინიშნებიან რუსი ტურისტები, ხოლო ევროპელების წილი, შემცირებულია.
„სამწუხაროდ, წლევანდელ წელს აქცენტი გადავიდა ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებზე, როგორებიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, არაბეთის ქვეყნები და რუსეთი. რუსებიც ინტენსიურად დადიან, არიან ტრადიციული ქვეყნებიდანაც ტურისტები, თუმცა უკრაინის გამოკლებით... რაც შეეხება ევროპელებს, მათი ყველაზე დიდი ნაკადი იყო ივლისი-აგვისტო, თუმცა ევროპის წილი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ვისურვებდით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი თეთრაძემ.