სვანეთში მდებარე სასტუმროს “ფალიანი” დამფუძნებელმა, ეკატერინე გველესიანმა განაცხადა, რომ ბაზარზე ტურისტული სეგმენტის ცვლილების გამო, ბიზნესებმა ფასები დააკორექტირეს. ფასების ამგვარი შემცირება კი გრძელვადიან პერსპექტივაზე სექტორზე ნეგატიურად აისახება. როგორც მან BMGTV-ს გადაცემა "ქალების ნარატივში" საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ბოლო ტენდენციით, რეგიონში დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.
"შეცვლილია ტურისტთა სეგმენტი, რომელიც ჩამოდის სვანეთში. ადრე თუ ჩამოდიოდნენ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები, ბოლო წლებში ეს სეგმენტი სრულად არის შეცვლილი. ამის პარალელურად [ბაზარზე] კონკურენციაა გაზრდილი, რადგან მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში სვანეთში ტურიზმის წამახალისებელი კამპანიები ტარდებოდა. შესაბამისად, რეგიონში ბევრი სასტუმროა. ეს ფაქტორები კი განაპირობებს, რომ კონკურენციის პირობებში კორექცია გვიწევს. ფასების ამგვარი შემცირება კი გრძელვადიან პერსპექტივაზე სექტორზე ნეგატიურად აისახება", - თქვა მან.
მისივე თქმით, რეგიონს აქვს სრული პოტენციალი, რომ პრემიუმ კატეგორიის კურორტად ჩამოყალიბდეს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ ტურისტულ მიმართულებებს, როგორებიცაა შვეიცარია და ევროპის სხვა მაღალმთიანი კურორტები. თუმცა ტურისტული სერვისების ღირებულების ხელოვნური შემცირება და კურორტის „გაუბრალოება“, მისი შეფასებით, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ისე მთელ რეგიონულ განვითარებას.
„შეიძლება დღეს ეს გავლენა მყისიერად არ იგრძნობოდეს, რადგან მოსახლეობას გარკვეული შემოსავალი აქვს. თუმცა ეს მხოლოდ დროებითია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ტურიზმის ხარისხიც დაეცემა და შემოსავლების რაოდენობაც შემცირდება“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.
გველესიანის განცხადებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის აუცილებელია გონივრული საფასო პოლიტიკა, რომელიც რეგიონის ხარისხიან განვითარებას ხელს შეუწყობს.