ნეპალსა და ტიბეტში მდინარის ხეობაში უეცარი წყალმოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა და მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობის დადგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუმცა, თანამგზავრული ფოტოებისა და სეისმური მონაცემების პირველადი ანალიზი მიუთითებს, რომ კატასტროფა მაღლა მდებარე მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია.

„ზღვის დონიდან დაახლოებით 5200 მეტრზე მდებარეობს კლდეზე ჩამოშვებული მყინვარი. სწორ ხაზს ჰგავს ადგილი, სადაც ის მოწყდა და კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან ვერტიკალურად დაეცა ხეობის ფსკერზე“, — ამბობს კანადის კალაგარის უნივერსიტეტის მკვლევარი დენ შუგარი.

კოლაფსის მიზეზი გლობალური დათბობა უნდა იყოს.

„მიხვედრა არც ისე რთულია. დიახ, ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ერთ საშინელ შედეგებს“, — აღნიშნავს შუგარი.

როდესაც მყინვარი კლდეზე გადაადგილდა და ციცაბო ფერდობზე დაეშვა, ყინულში ღრმა ნაპრალებები უნდა გაჩენილიყო. წინა დღეების ცხელ ამინდს ბევრი თოვლი და მყინვარის ყინულის რაღაც ნაწილი უნდა გაედნო; თხევადი წყალი მყინვარს ასუსტებს და იწვევს ციცაბო ფერდობზე მიმავალი მთელი მონაკვეთის ჩამონგრევას.

„გუშინდელი და დღევანდელი თანამგზავრული ფოტოების შედარებით ჩანს, რომ მიმდებარე მყინვარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით თოვლი დაკარგეს. ვვარაუდობ, რომ თოვლი დნება, ასევე დნება მყინვარის ყინული, რის გამოც, მყინვარში დიდი ოდენობით თხევადი წყალი შევიდა, დაბლა, მის ფუძეზე ჩაიჟონა და ლუბრიკანტის როლი შეასრულა. ეს საკმარისი იყო მისი ჩანგრევისთვის“, — ამბობს შუგარი.

კილომეტრის სიმაღლიდან მილიონობით ტონა ყინულის ჩამოვარდნისას სითბოს სახით გამოთავისუფლებულმა პოტენციურმა ენერგიამ შეიძლება მისი დიდი ნაწილი გაადნო, რამაც საკმარისი თხევადი წყალი წარმოქმნა უზარმაზარი, უეცარი წყალმოვარდნის წარმოსაქმნელად.

მისი თქმით, მყინვარის დაშლა შეიძლება ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია და არის კიდევ რაღაც, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ.

პოტენციური ენერგიის გამოთავისუფლებით გამოწვეულმა ყინულის დნობამ 2021 წლის თებერვალში ინდოეთში ჩამოლის უეცარი წყალმოვარდნა გამოიწვია.

„ამ შემთხვევაში, ეს დიდი მეწყერი იყო, მაგრამ მის თავზე იყო მყინვარის ყინულის მცირე ნაწილიც. როცა ამდენი ყინული ცვივა, გამოიყოფა დიდი ოდენობით სითბო და ის დნება“, — განმარტავს შუგარი.

თუმცა, ნეპალის მოვლენა გაცილებით დიდი იყო. ზოგიერთი ცნობით, მისი გამომწვევი მიწისძვრა იყო, მაგრამ როგორც საფრანგეთის გრენობლი-ალპების უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტენ კუკი ამბობს, ასე არ ყოფილა.

„რეგიონის რამდენიმე სადგურის მონაცემებს ჩავხედე, მათ შორის კატმანდუს სიახლოვეს მდებარე ნეპალის ეროვნული სეისმური ქსელის სადგურის მონაცემებს და ამ ჩანაწერში მოვლენა ძალიან მკაფიოდ ჩანს“, — ამბობს კუკი.

კუკის განცხადებით, ჩანაწერი იწყება ძლიერი სიგნალით, რომელიც როგორც წესი, დაკავშირებულია მასალის მასობრივ მოძრაობასთან და არა მიწისძვრასთან. შემდეგ ჩანს გრძელი სეისმური სიგნალი, რომელსაც წარმოქმნის დიდი ოდენობით ნაშალი მასალის ნაკადის რამდენიმე საათის განმავლობაში დინება.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ეს მოვლენა თავდაპირველად მიწისძვრად აღწერა, მაგრამ ახლა აღნიშნავს, რომ შემდგომი ანალიზების თანახმად, ის მეწყერი იყო.

კუკის განცხადებით, სიგნალი იმის მსგავსია, რაც 2021 წელს ინდოეთში, ჩამოლის მოვლენისას დაფიქსირდა.

ჩამოლის წყალდიდობასა და 2025 წელს შვეიცარიის სოფელ ბლატენის თავზე მყინვარის ჩამონგრევაში წვლილი შეიძლება გლობალურმა დათბობამ შეიტანა. ციცაბო მყინვარები შეიძლება კლიმატის ცვლილებასთან დაუკავშირებელი მიზეზებითაც ჩაინგრეს, მაგრამ ამ სახის კატასტროფათა სიხშირე მიუთითებს დათბობაზე, როგორც ხელშემწყობ ფაქტორზე.

„მთის საზოგადოებები მთელ მსოფლიოში, ალპებითა და ანდებით დაწყებული, ჰიმალაებით დამთავრებული, სულ უფრო მზარდი სიძლიერისა და სიხშირის საფრთხის ქვეშ არიან. საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლეს, ცხოვრების წესს, კულტურასა და მემკვიდრეობას“, — წერდა ბლატენის კატასტროფის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაერო-ს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის ხელმძღვანელი კამალ კიშორე.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი