ბორჯომს, გენგეგმა დამტკიცებული სავარაუდოდ წლის ბოლომდე ექნება, - ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ bm.ge-ის განუცხადა. მისი თქმით, „სითი ინსტიტუტმა“, რომელმაც ბორჯომის გენგეგმაზე იმუშავა, რევიზირებული პროექტი სივრცითი და ქალაქთმშენებლობის განვითარების სააგენტოში დღეს ჩააბარა.

„ახლა დაველოდებით სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ეს პროცედურა ალბათ ერთ თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მას ბორჯომის ახალი საკრებულო დაამტკიცებს. შესაბამისად, ბორჯომს წლის ბოლოს ექნება უკვე გენგეგმა და განაშენიანების გეგმა“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

ბორჯომის გენგეგმას ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: საკურორტო რესურსების ოპტიმიზაცია, ბორჯომის იერსახის გაუმჯობესება, დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, საქალაქო ცხოვრების დონის ამაღლება, უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდა.

„გენგეგმის თანახმად ერთ-ერთ მიზანს საკურორტო ზონების ოპტიმიზაცია წარმოადგენს. მეორე არის იერსახის გაუმჯობესება, რათა მისი იდენტობა გაძლიერდეს, ლანდშაფტი შენარჩუნდეს და ამფითეატრული განვითარება დაიწყოს. კიდევ ერთი მიზანია დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, რათა უფრო მეტი ახალი სექტორი გაჩნდეს, ჯანსაღი გარემო და ინფრასტრუქტურა შეიქმნას მაგალითად ფრილანსერებისთვის, IT-სპეციალისტებისთვის. მათი საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა ბათუმში, თბილისში, ამიტომაც სადისკუსიო სივრცეები რომ იყოს ბორჯომშიც, იქნება მნიშვნელოვანი. ადამიანებს, რომლებსაც მშვიდ და კომფორტულ გარემოში უნდათ მუშაობა და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ, ბორჯომი მათთვის მისაღები იქნება.

ასევე სავაჭრო და კვების სტანდარტიზებული ობიექტების არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომფორტი შეიქმნას. კიდევ არის საქალაქო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების მიმართულებაზე, რათა მაგალითად, ქვეითებისთვის სანაპირო ზოლები მოეწყოს და რეკრეაციულად დაიტვირთოს.

და მეხუთე მიზანი უსაფრთხოების და მედეგობის გაზრდა. ეს ყველაფერი გენგეგმაში გვაქვს გადატანილი“, - განმარტა მამუკა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, "სითი ინსტიტუტი" ქალაქ ბორჯომის გენერალურ და განაშენიანების გეგმაზე 2024 წლის დასაწყისიდან მუშაობს.

bm.ge