საპენსიო სააგენტო საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია, რომელიც საპენსიო დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. მიმდინარე წლის აგვისტოდან, მოქალაქეებს შეეძლებათ თავად გადაწყვიტონ თუ რა რისკიანობის პორტფელში დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი, საპენსიო დანაზოგებში ჩართულ პირებს შეეძლებათ, რომ თავისი აქტივები ნაკლებ, საშუალო და მაღალ რისკიან აქტივებში დააბანდონ.

ინფლაციის ფონზე საპენსიო დანაზოგების რეალურმა ამონაგებმა 7% -ს  გადააჭარბა,  რა ცვლილებები  შედის საპენსიო სააგენტოს მანდატში და როგორია აღნიშნულ  საკითხზე მოლოდინები - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს  წარმომადგენლებმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას  აღნიშნა,  მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 1 თვის განმავლობაში მომხმარებელთა დანაზოგები ავტომატურად სხვადასხვა ტიპის, ნაკლებ, საშუალო და მაღალ რისკიან აქტივებში გადანაწილდება,  ერთი თვის  შემდეგ  მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ თავად გადაწყვიტოს სად გადაიტანოს თავისი დანაზოგი.

„მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ რომელ საინვესტიციო პროექტში სურთ თავისი  თანხების ინვესტირება,  დღევანდელი კანონის მიხედვით ავტომატური რებალანსირება მოხდება და საპენსიო დანაზოგში  ჩართული პირები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში.

ამ ეტაპზე 40  წლამდე ასაკის ადამიანები მოხვდებიან მაღალი რისკის  პორტფელში, 40-50  საშუალო რისკისაში და  50 წლიდან ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. შემდეგ მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ თავად გადაწყვიტონ დარჩნენ იმ საინვესტიციო პორტფელში რომელიც  მოხვდნენ,  თუ შეცვალონ ეს პორტფელი. შეცვლიდან 12 თვის შემდეგ მათ კვლავ  ექნებათ პორტფელის  შეცვლის  შესაძლებლობა“ - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.

მელიქიძის განმარტებით ნაკლებ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი მოიაზრებს  შედარებით  ნაკლებ ინვესტიციას გლობალურ აქციებში, საშუალო და მაღალ რისკიანი პორტფელები მოიაზრებს უფრო მეტ ინვესტიციებს გლობალურ  აქციებში.  მისივე  განმარტებით აქციები თავის თავში არის უფრო რისკიანი საინვესტიციო  ინსტრუმენტი, ის  ფასში  უფრო მეტად მოძრაობს და გრძელვადიან  პერსპექტივაში  უფრო მეტი  მოგების  მოტანის  პერსპექტივა  აქვს.

„აქედან გამომდინარე  ნაკლებ რისკიან და  საშუალო  რისკიან საინვესტიციო  პორტფელში  აქციების  ალოკაცია  არის 40%-მდე და მაღალ რისკიანში  მინიმუმ  40%-დან“ - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.

სქემის მონაწილეს პორტფელის შეცვლის შესაძლებლობა სამი გზით ექნება. მან უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს, ესტუმროს იუსტიციის რომელიმე სახლს, ან ონლაინ, ვებგვერდზე, აიდი ბარათითა და ინდივიდუალური ხელმოწერით დააფიქსიროს ცვლილება.