თბილისში სასაწყობე ფართების ქირა მკვეთრად გაძვირდა. 2025 წელს ახალ საიჯარო კონტრაქტებში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო თვიურმა ფასმა $6.3 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ფასი მოცემულია დღგ-ისა და მომსახურების საფასურის გარეშე.

კლასების მიხედვით სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. C კლასის საწყობების საშუალო ქირა $4.1-ს, B კლასის $4.9-ს, ხოლო A და A მინუს კლასის ობიექტების $7.5-ს შეადგენს.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი სასაწყობე ფართებზე მოთხოვნის სწრაფი მატება და თანამედროვე, მაღალი კლასის ობიექტების შეზღუდული მიწოდებაა. შედეგად, თბილისში ხარისხიანი საწყობების ქირა ბევრ შესადარის ქალაქთან შედარებით მაღალ ნიშნულზეა.

კვლევაში მოსალოდნელია, რომ ახალი ფართების ბაზარზე დამატების შემდეგ ფასების ზრდა დასტაბილურდება, თუმცა მიწოდების დიდი ნაწილი კომპანიების საკუთარი მოხმარებისთვის შენდება და სრულად საიჯარო ბაზარზე არ გამოვა.

კვლევაში ასევე წერია, რომ თბილისში გაზრდილი საიჯარო ფასების ფონზე, მსხვილი ბიზნესისთვის საკუთარი საწყობის მშენებლობა უფრო მიმზიდველი ხდება.

Galt & Taggart-ის გაანგარიშებით, თუ კომპანიას მინიმუმ 7 000 კვადრატული მეტრის A კლასის სასაწყობე ფართი სჭირდება, მშენებლობა გრძელვადიან პერიოდში ქირაობაზე ფინანსურად მიზანშეწონილი შეიძლება აღმოჩნდეს. ანალიზში მაღალი კლასის საწყობის თვიური ქირა ერთ კვადრატულ მეტრზე $7.5-ად არის აღებული.

თბილისში დაგეგმილი A კლასის საწყობების ფართობი 9 000-დან 40 000 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. ასეთი მასშტაბის პროექტები დიდ საწყის კაპიტალს საჭიროებს, რის გამოც საკუთარი თანამედროვე საწყობების მშენებლობა ძირითადად მსხვილ კომპანიებშია კონცენტრირებული.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებულ აქტიურობას საცალო ვაჭრობის, სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებისა და ელექტრონიკის სექტორის კომპანიები იჩენენ. ისინი ცენტრალიზებული ლოგისტიკური ცენტრების შექმნით ტრანსპორტირებისა და მარაგების მართვის ოპტიმიზაციას ცდილობენ.