ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის, განვითარებას ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სავაჭრო-სატრანსპორტო რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, დერეფნის სავაჭრო მოცულობა 2040 წლისთვის შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო დაახლოებით განახევრდეს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები რეგიონის მშპ-ს დამატებით 3.3%-ით გაზრდის და 2 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

საქართველოს შემთხვევაში, შუა დერეფნის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის დამატებით 3.61%-ით ზრდა შეუძლია.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური სარგებელი დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო შეფერხებების შემცირებასთან, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებასთან და ბაზრებზე წვდომის გაფართოებასთან. დერეფანი აერთიანებს ცხრა ქვეყანას: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დერეფნის გასწვრივ მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის მისი განვითარება ბაზრებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებასაც ნიშნავს.

ამ მიზნების მისაღწევად 2040 წლამდე 25 მილიარდ დოლარზე მეტი ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია იქნება საჭირო. ძირითადი მიმართულებებია სარკინიგზო ქსელები, საზღვაო პორტები და მათთან დამაკავშირებელი გზები.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო ე.წ. ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო მონაკვეთებში, ლოგისტიკურ ჰაბებში, შიდა ტერმინალებსა და ციფრულ სისტემებში.

მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით უსვამს ხაზს დერეფანში მოქმედი სარკინიგზო სისტემების განსხვავებულ შესაძლებლობებსა და განვითარების დონეს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რკინიგზა დაახლოებით 1 400 კილომეტრის სარკინიგზო ქსელს ფლობს და წლიურად დაახლოებით 13.7 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შედარებით მცირე მასშტაბის მიუხედავად, კომპანიას აქტივების მაღალი დატვირთვა და მმართველობისა და ფინანსური მართვის შედარებით განვითარებული პრაქტიკა აქვს.

შედარებისთვის, ყაზახეთის სარკინიგზო სისტემა დაახლოებით 16 000 კილომეტრიან ქსელს აერთიანებს და დაახლოებით 303 მილიონი ტონა ტვირთს ემსახურება. უზბეკეთის რკინიგზის ქსელის სიგრძე დაახლოებით 6 100 კილომეტრია, ხოლო აზერბაიჯანის — დაახლოებით 2 100 კილომეტრი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, დერეფნის ეფექტიანობას მხოლოდ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელებულია სარკინიგზო ოპერატორების ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობები, მართვის სისტემები და რეფორმების განხორციელების ტემპი.

ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის სრული პოტენციალის ათვისებისთვის აუცილებელია ქვეყნებსა და ოპერატორებს შორის კოორდინაციის გაძლიერება, საზღვარზე შეფერხებების შემცირება, დოკუმენტაციის გამარტივება, ლოგისტიკური ჰაბების უკეთესი კოორდინაცია და უფრო საიმედო სატრანსპორტო სერვისების უზრუნველყოფა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშს სახელწოდებით „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ეწოდება.