შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მთავარი მიზანიცაა, როგორც ჩვენი გუნდის წევრებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში ცნობიერების ამაღლების კუთხით, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხმიანება სააგენტოს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი ამ მიმართულებით, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წელს დავიწყეთ. დაახლოებით 50-ზე მეტ სკოლაში, უფროსკლასელებთან, უკვე გვქონდა შეხვედრები, ჩავატარეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ეს პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 25-მდე სკოლას ვეწვევით. ზოგადად, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ამის შედეგია ისიც, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მომართვიანობა გაზრდილია. გარდა ამისა, გვყავს სხვადასხვა შერჩეული, დაინტერესებული ჯგუფები, როგორებიცაა - ბიზნესსექტორი, სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც კავშირში არიან ჩვენთან და ამ კუთხით, ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები, რომლებიც ემსახურება ინფორმაციის გაცვლას,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს