ფერმერებს სარწყავი წყალი უძვირდება. 1 აპრილიდან ფერმერებისთვის წყლის მოხმარებაზე ახალი ტარიფები ამოქმედდება. თუ აქამდე 1 ჰექტარზე საირიგაციო წყლის გადასახადი აღმოსავლეთ საქართველოში 75 ლარს, დასავლეთში კი 45 ლარს შეადგენდა, ახლა ტარიფი იზრდება, დიფერენცირებული ხდება და ამასთან, მორწყვის სიხშირეზე იქნება დამოკიდებული.
კერძოდ, იმ ფერმერებისთვის, რომლებიც სარწყავი წყლის გადასახადს ჰექტარის მიხედვით იხდიან, ერთწლოვანი კულტურის მორწყვა 1 ჰა-ზე დღგ-ს ჩათვლით 116.5 ლარი იქნება. მრავალწლოვან კულტურაზე - 102 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერმერს მოსავლის რამდენჯერმე მორწყვა დასჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიგაციის ხარჯი ყოველ ჰექტარზე რამდენიმე ასეული ლარი იქნება.
მორწყვის გადასახადი იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც წყლის მრიცხველი არ აქვთ
- ერთწლოვანი კულტურები - დღგ-ს ჩათვლით, 116.5 ლარი 1 ჰა-ზე (ერთი მორწყვა)
- მრავალწლოვანი კულტურები - დღგ-ს ჩათვლით, 102 ლარი 1 ჰა-ზე (ერთი მორწყვა)
წყარო: სემეკი
„ტარიფში აისახა ის საოპერაციო დანახარჯები, რომლის ანაზღაურებასაც აქამდე მოქმედი ტარიფები ვერ უზრუნველყოფდა „საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის“. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ტარიფების დადგენა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას სრულად აინაზღაუროს საოპერაციო დანახარჯი, რაც მის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - განმარტავს სემეკის წევრი გივი სანიკიძე.
სემეკმა ირიგაციის ტარიფები გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვისაც დაადგინა. კერძოდ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საფასურს მრიცხველის შესაბამისად იხდიან, წყლის მიწოდების ტარიფი 1 კუბ. მეტრზე 3.5 თეთრს შეადგენს, მაშინ როდესაც ინდივიდუალური ფერმერებისთვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა. სემეკში ფიქრობენ, რომ ახალი ტარიფები აგროსექტორის წარმომადგენლებს გამრიცხველიანების და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებისკენ უბიძგებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე მხოლოდ „ლარი ჰექტარზე“ ტარიფი არსებობდა, გამრიცხველიანების სტიმულირება ვერ ხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ფერმერს უნდა გადაეხადა ტარიფი ჰექტარის მიხედვით. მას შემდეგ რაც ახალი ტარიფი ამოქმედდება, გაჩნდება იმის სტიმული, რომ ისეთმა ფერმერებმა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა დაზოგონ წყალი, მოითხოვონ გამრიცხველიანება და განავითარონ ისეთი სისტემები, რომლებიც უფრო ნაკლები წყლის მოხმარებას გულისხმობს, როგორიცაა წვეთოვანი და დასხურებითი სისტემები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე კუბურ მეტრზე დარიცხული ტარიფით მათ ნაკლები დანახარჯი გასწიონ, ვიდრე ჰექტარზე დადგენილი ტარიფით, რაც ხელს შეუწყობს გამრიცხველიანების პროცესს“- ფიქრობს სანიკიძე
ახალი 3 წლიანი ტარიფები სემეკმა 2025 წლის 29 დეკემბერს დაადგინა, ძალაში კი 1 აპრილიდან შევა. მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ მიცემული ვადა ფერმერებს და სექტორის წარმომადგენლებს ადაპტაციის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, სახელმწიფოს შეუძლია გაზრდილი ტარიფების პირობებში ფერმერები მიზნობრივად დაასუბსიდიროს.
„ბუნებრივია არსებობს შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა სუბსიდირების და აღნიშნული პერიოდი (2026 წლის პირველ აპრილამდე) აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მთავრობას განსაზღვროს სუბსიდირების შესაბამისი მექანიზმები, რათა შეღავათი გაუწიოს ფერმერებს. ამ მექანიზმების განსაზღვრა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა და თუ რა მექანიზმები იქნება და რა მოცულობით მოხდება სუბსიდირება, ამას პირველ აპრილამდე გავიგებთ, - აღნიშნავს „საქმის კურსთან“ გივი სანიკიძე.
სემეკის განსაზღვრული წესებით, მომხმარებლებს მოუწევთ საირიგაციო წყლის მიღების რეჟიმები წინასწარ, 31 მარტის ჩათვლით შეათანხმონ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მოთხოვნით მიმწოდებელს დაგვიანებით მიმართავს, კომპანიას შეეძლება მას დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასურიც დაარიცხოს.
თავის მხრივ, მელიორაციის კომპანიას დაევალა შეიმუშაოს წყლის მიწოდების რეჟიმები, რომლებიც წლის დასაწყისში ოფიციალურ საიტზე უნდა გამოაქვეყნოს, რათა ფერმერებმა წყლის მიწოდების განრიგი წინასწარ იცოდნენ.