„საქართველოს შრომით ბაზარს ძალიან მაღალი ნიშნით ახასიათებს გენდერული უთანასწორობა. ეს ჩანს ყოველ ეტაპზე და ეხება ქალების ჩართულობას შრომით ურთიერთობებში. ქალების 58%, რომელთაც აქვთ შრომისუნარიანობა და განათლება, შრომის ბაზარზე პროცესებში ვერ მონაწილეობენ“, - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ქალები ქართულ ეკონომიკაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ქალებს კაცებზე უკეთესი განათლება აქვთ, ქალები მაინც დაკავშირებული არიან ოჯახური ვალდებულებების ტვირთთან და დამსაქმებლები კადრის აყვანის დროს, ამ ფაქტორის გამო, ხშირად არჩევანს მამაკაცის დასაქმებაზე აკეთებენ. 

როგორც მან განმარტა, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება ასევე სახელფასო სხვაობა ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის. 

„სახელფასო ფონდების შედარებით დგინდება, რომ საქართველოში ქალებს ჯამურად 33%-ით ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კაცებს. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ქალებს დაბალი ხელმისაწვდომობა აქვს მაღალანაზღაურებად სამსახურებზე სექტორებში და ასევე პოზიციებზე. მაგალითად, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, სადაც ხელფასები მაღალია, ქალების რაოდენობა არ აღემატება 20%-ს. ასევე პრობლემაა ის, რომ ისეთ სექტორებში, სადაც ძირითადად ქალები არიან კონცენტრირებული, ხელფასები დაბალია. ასეთია მაგალითად განათლების სექტორი, სადაც 60 000-ზე მეტი ქალია დასაქმებული. ამ სექტორში საშუალო ხელფასი 40%-ით ნაკლებია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობაზე, რომელიც 1600 ლარია“, - აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სახელფასო უთანასწორობის პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს შეფასების მეთოდოლოგია, თუ რა ღირებულების შრომას ეწევიან კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები ინდივიდუალურად. მეორეს მხრივ კი, საქართველოში დიდი გამოწვევაა ხელფასების გამჭვირვალობა. 

რაისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, საქართველოში სწორედ ღირებულების შეფასების მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებული პრაქტიკა არც შრომის ინსპექციას და არც სასამართლოს აქვს.