„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას „ტრანს ლოგისტიკის“ ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯაბა თარიმანაშვილმა განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შესაძლებლობა უფრო მეტი ტვირთის მოზიდვა და შემდგომში გატარება უზრუნველყოს.
მისივე თქმით, ამ პროცესს არსებულ რეალობაში ის ფაქტორი აფერხებს, რომ ქვეყანას შესაბამისი მოცულობის ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.
„მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სრულიად ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე, კერძოდ, ჰორმუზის სრუტე ჯერ რომ არ ყოფილა, ისეთ ვითარებაშია ახლა, ვგულისხმობ ორმაგ ბლოკადას. ამ პროცესმა მიწოდების ჯაჭვები სრულად დაარღვია. გემთმფლობელებსა და სავაჭრო კომპანიებს შეექმნათ პრობლემები ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ რუსეთზე არის სანქციები დაწესებული, რის გამოც სავაჭრო და ლოგისტიკური კომპანიები ეძებენ ალტერნატივებს. გარდა ამისა პარალიზებულია წითელი ზღვაც.
ამ პირობებში საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შუა დერეფნის საშუალებით მოვახდინოთ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვა და გატარება, თუმცა მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ არ გვაქვს შესაბამისი მოცულობით ინფრასტრუქტურა. საუბარი მიდის ხოლმე, რომ ჩვენ სრულად მოვიზიდავთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტვირთებს, მაგრამ არ კონკრეტდება თუ რა ციფრებზეა საუბარი. ჩრდილოეთის დერეფანის წლიური გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონას აღემატება, ჩვენი გამტარუნარიანობა კი მხოლოდ 5 ტონაა“, - აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი