კომპანია Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჰიდროელექტროსადგურები ძირითად ბირთვად უნდა დარჩეს, თუმცა პარალელურად, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაც აუცილებელია.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" დავით ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას მზისა და ქარის ენერგიის განვითარების პოტენციალი აქვს.
"საქართველოს სავიზიტო ბარათი ჰიდროელექტროსადგურები უნდა იყოს, თუმცა გვაქვს რესურსი, რომ პარალელურად განვითარდეს როგორც ქარის, ისე მზის ენერგია. თუ ვსაუბრობთ ენერგეტიკულ თვითკმარობაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთ დღეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს - ამ მიმართულებით ამბიცია ნამდვილად არსებობს. რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურები დარჩება ძირითად ბირთვად, რომელიც ენერგოსისტემას წარმართავს, თუმცა ქარისა და მზის ენერგიასაც თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ეს მიმართულებები თანაბრად არ იყოს განვითარებული, მაგრამ აუცილებელია მათმა წილმა სისტემაში თავისი ადგილი დაიკავოს. ევროპის გამოცდილებაც აჩვენებს, რომ თითოეული ქვეყანა ავითარებს იმ რესურსს, რომელიც მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. საქართველოს შემთხვევაში ეს პირველ რიგში ჰიდროენერგიაა, თუმცა მზისა და ქარის ენერგიის განვითარების პოტენციალიც გვაქვს. ბოლო წლებში ამ სფეროში ცოდნა დაგროვდა - ძალიან ბევრი ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას ელოდება, რომ სფეროში დიდი ინვესტიციები განახორციელონ. მნიშვნელოვანია, რომ სექტორი ისე განვითარდეს მოხმარება მიწოდებას არ აჭარბებდეს, ამის შემდეგ აღარ იქნება პრობლემა რა გავთიშოთ და რა ვამუშაოთ", - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Photomate Caucasus (სრული სახელწოდება — შპს „ფოტომეიტ ევრაზია“) არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩეხური Photomate s.r.o.-ს რეგიონული სტრუქტურაა და განახლებადი ენერგიის სფეროში საქმიანობს.