საქართველომ შეწყვიტა რუსეთის მიმართულებით ისეთი ტრანზიტული ავტომობილების გაშვება, რომელთა ღირებულებაც 50 000 ევროზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.

 

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთში ავტომობილების შეყვანას კრძალავს, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ევროზე მეტია. როგორც ტელეგრამარხებზე წერენ საქართველო შიშობს რომ მეორადი სანქციების ქვეშ არ მოხვდეს.

 

„ბევრმა მოხერხებულ რუსს და გადამყიდველს გარკვეული სქემებისა და საკანონმდებლო ხარვეზების გამოყენებით, მანქანები აშშ-დან სომხეთში შემდეგ კი რუსეთსა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში გადაჰყავდა. სარგებელი უფრო დიდი იყო, ვიდრე პირდაპირ რუსეთში შეყვანის შემთხვევაში შეზღუდულ არჩევანის პირობებში კი ძვირად ღირებული მოდელების დაყოვნება არ ხდებოდა, “- ნათქვამია ტელეგრამ არხზე გავრცელებულ შეტყობინებაში.

 

თუმცა როგორც ტელეგრამარხის ავტორი წერს, გასულ კვირას „ზემო ლარსის“ ტელეგრამჩატში და სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების გადამყვანთა ჯგუფში გაჩნდა შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შეწყვიტა სომხეთიდან რუსეთში რეექსპორტისთვის ავტომობილების სარკინიგზო ტრანზიტი.


 

როგორც რუსული მედია განმარტავს მიუხედავად იმისა, რომ  საქართველომ არ დააწესა ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,  შეუერთდა ყველა საერთაშორისო შეზღუდვას.

 

როგორც რუსული მედია აღნიშნავს,  ტრანზიტის გადამისამართება შესაძლებელია აფხაზეთის გავლით. 31 მარტს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იცვლება საქართველოს საზღვარზე გადატანილი საქონლისა და აღჭურვილობის ნუსხა. ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლება“ წერს.

 

აფხაზეთში ტრანსპორტირებისთვის დაშვებული საქონლის ნუსხაში, გარდა ნერგების, თესლების, ფრინველის, ცხოველების საკვებისა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა, შედის „საავტომობილო მანქანები, საავტომობილო ნაწილები, საავტომობილო და სხვა საპოხი ზეთები მანქანებისთვის“. 2015 წლიდან მოყოლებული „ექსპორტისთვის“ ნებადართული ერთადერთი პროდუქტი თხილი იყო.

 

დოკუმენტის გამოქვეყნებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია აფხაზეთში. ოპოზიციის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების გაზრდილი აქტივობისა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის გაზრდილი რისკის ფონზე, ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აფხაზეთის უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნა ეხება მხოლოდ ფიზიკურ და არა იურიდიულ პირებს.

 

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი უწყებებიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობს.