საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, ამასთან, 3.6%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერს შემწეობას ჯამში 709 148 ადამიანი იღებდა. აქედან 463 855 მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 245 293 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის სექტემბერში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 682 738-ს შეადგენდა.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით 1 302 394-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 256 720-ს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი