საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, რომლითაც 2024 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟაზე დაიწყება ვაჭრობა.

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ დიდი ზომის ჰესებს ის არ შეეხება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბირჟაზე შემდეგი მხარეები ჩაერთვებიან:

ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:

ა) პირდაპირ მომხმარებლებს, საწარმოს მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

გ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

დ) თავისუფალ მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

ე) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

ვ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს:

ვ.ა) გადამცემ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით;

ვ.ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების შესყიდვის მიზნით;

ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, განაწილების ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით.

ხოლო ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვის უფლებამოსილება აქვთ ამავე ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:

ა) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში;

ბ) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ ნაწილზე − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის იმ ნაწილში, რომელშიც არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება;

გ) საწარმოს, რომელსაც, საქართველოს მთავრობას, ესკოსა და აღნიშნულ საწარმოს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ესკოსთან სათანადო წესით გაფორმებული აქვს „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, ამ ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის სავალდებულო გაყიდვისაგან თავისუფალ პერიოდში;

დ) საწარმოს, რომელიც შესაბამის ელექტროსადგურთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სარგებლობს მხარდაჭერის სქემით − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, მხარდაჭერის პერიოდისგან თავისუფალ პერიოდში.