რუსეთმა ზემო ლარსზე დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან დავიდოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„ზემო ლარსზე, ამჟამად, ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს. ჩვენ შეგვიძლია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება“, - განაცხადა მან.
დავიდოვის თქმით, გასულ წელს 5.5 თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში საბაჟოს თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - უკვე 7,8 მილიონი ტონა.
„ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონი ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში გვაქვს სავაჭრო ბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა“, - განაცხადა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.