რუსეთის ფედერალური საფოსტო ოპერატორი, "რუსეთის ფოსტა", საქართველოში საჰაერო გზებით ფოსტის პირდაპირ ტრანსპორტირებას იწყებს, - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Tass-ი კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამანათების საჰაერო გადმოზიდვა მოსკოვიდან თბილისში რეგულარულად განხორციელდება და მას საჰაერო კომპანია "აზიმუტი" ჩაატარებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მოელიან, რომ საქართველოში, თვეში 6 მილიონი ტონა ამანათი გამოიგზავნება. მათივე მოლოდინით, ორ ქვეყანას შორის ამანათების გაგზავნისთვის საჭირო დრო, სულ მცირე, 2-3 დღით შემცირდება.
გამოცემა არ აკონკრეტებს თუ როდის იგეგმება პირველი რეისი.
Tass-ის ცნობით, მანამდე, ივნისის დასაწყისში, საფოსტო კომპანიამ Azimuth-ის თვითმფრინავით ამანათების გადაზიდვა სომხეთშიც დაიწყო.
რუსული ფოსტის ტრანსპორტირების მართვის დირექტორატის განცხადებით, ამანათების პირდაპირი გადაზიდვა კავკასიის ქვეყნებში პერსპექტიული და "მოთხოვნადი მიმართულებაა", როგორც ბიზნესისთვის, ასევე კერძო კლიენტებისთვის.