ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისა და გაცვლის წესებს ცვლის. დოკუმენტში გაწერილია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ქონების გადაცემა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გახდება შესაძლებელი. მათ შორის, საუბარია ქონების პირდაპირი მიყიდვის შესაძლებლობაზე, თუ აიღებს ვალდებულებას, რომ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ასევე, თუ აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც უკვე დაბანდებულია 100 მილიონი და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში სიახლე ეკონომისტმა ამირან კაპანაძემ შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხის გააქტიურება კონკრეტული ჯგუფის დაინტერესების გარეშე არ მოხდებოდა, რადგან დღეს ქართულ პოლიტიკას საკმაოდ რთული დღის წესრიგი აქვს, მაგრამ რატომღაც აქტუალური ეს გახდა თემა.
„საკითხს ჰყავს დაინტერესებული პირები, რომლებიც ცდილობენ, საკანონმდებლო დონეზე გაიტანონ თავიანთი ინტერესები და ამას ახერხებენ კიდეც. მაღალი რისკია ჩრდილოვანი გარიგებების და თუნდაც ის, რომ დადგენილება ბიზნესმენების გარდა მორგებულია ძალიან ვიწრო ჯგუფზე, როგორიცაა ეკომიგრანტები და დევნილები, დიდი ვარაუდით, გამოყენებული იქნება როგორც ელექტორალური რესურსი და ბერკეტი მანიპულირებისთვის“, - აცხადებს ამირან კაპანაძე.
მისივე განცხადებით, წესით, სწორედ ასეთი ბიზნესმენები უნდა იყვნენ მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში, მაგრამ სწორედ მათ უუქმებენ წესს, როცა სახელმწიფო ქონება აუქციონით უნდა გასხვისდეს.
„ყველაზე შეძლებულ ნაწილს ვაძლევთ პრივილეგიას, რომ პირდაპირ მოელაპარაკოს სახელმწიფოს და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინოს ქონება. ეს სტანდარტულად განმტკიცებული ოლიგარქიაა, სხვა არაფერი და ნიშნავს იმას, რომ ვინც უკვე ითვლება ელიტარულად, მხოლოდ მათ ექნებათ ეს პრივილეგია“, - აღნიშნავს ამირან კაპანაძე.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სიახლე არანაირ სტიმულს არ მისცემს კერძო საკუთრებაში ქონებების გადასვლის პროცესს, რადგან არ არის მორგებული საშუალო სტატისტიკურ ქართველსა და თუნდაც მცირე ბიზნესზე, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფო ქონების პრივატიზებით და ეს მიზანმიმართულად მაღალ სეგმენტზე გათვლილი მიდგომაა.
„ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის ის, რომ რიგით მოქალაქეს არ აქვს მსყიდველობითი უნარი, შეძლოს სახელმწიფო ქონების პრივატიზება და ეს არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც ვერ ხდება კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა“, - აღნიშნავს ამირან კაპანაძე.