Red Wings-ი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს 10 ივლისიდან იწყებს, ხოლო სოჭიდან თბილისის მიმართულებით - 11 ივლისს. ამის შესახებ Известия წერს.

გამოცემა წერს, რომ მოსკოვი-ქუთაისის მარშრუტზე ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. 

ამასთან, Red Wings-ის პრესსამსახურმა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.

„ფრენები 2023 წლის 11 ივლისს დაიწყება. ფრენის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი 20 წუთი. რეისები 100-ადგილიანი თანამედროვე კომფორტული SSJ100 თვითმფრინავით  განხორციელდება“ - წერს გამოცემა.

Известия იმასაც წერს, რომ Red Wings-მა ქართული მხრიდან დომოდედოვო-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მარშრუტებზე ნებართვა მაისში მიიღო, ხოლო რეგიონებიდან ჩარტერული ფრენების დაწყებაზე -16 ივნისს. ნებართვა გაიცა ჟუკოვსკი-თბილისის რეისზეც.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მეორე განკარგულებით მან რუსული ავიახაზების საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა. რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა ფრენები 19 მაისს დაიწყო, 20 მაისს კი მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი Georgian Airways-მა შეასრულა.