დონალდ ტრამპი ნატო-ს ემუქრება: თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არ მიიღებენ მონაწილეობას, „ნატოს მომავალი“ არასახარბიელო გახდება. არადა, მისი მოწოდება ნავთობის გადამზიდი ტანკერების დასაცავად სამხედრო გემების გაგზავნის შესახებ მაღალი რისკების შემცველია.
გადამდგარი ბრიტანელი გენერალი არადიპლომატიურად და ხმამაღლა ამბობს იმას, რაზეც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, დახურულ კარს მიღმა, ერთსულოვნად თანხმდებიან. „ნატო იმისთვის არ შექმნილა, რომ ერთ-ერთმა მოკავშირემ საკუთარი ნებით წამოიწყოს ომი და შემდეგ ყველა დანარჩენი აიძულოს, უკან მიჰყვეს მას “ - BBC-ის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარაზე, ასეთი პასუხი გასცა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსმა 2021 წლამდე, გენერალმა სერ ნიკ კარტერმა.
ტრამპი - ირანი შეთანხმებისთვის „მზად“ არ არის [გერმანულ ენაზე]
„ფაინენშალ თაიმსისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, ტრამპმა „სრულიად მართებულად“ მიიჩნია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, „მონაწილეობდნენ იმის უზრუნველყოფაში, რომ იქ ცუდი არაფერი მოხდეს“. აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა და ჩინეთი დიდად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე. ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსს“ განუცხადა: „თუ რეაგირება არ მოხდება ან უარყოფით პასუხს მივიღებ, ვფიქრობ, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება.“
ტრამპი მოკავშირეების ნაჩქარევ ძიებაშია
უკვე აშკარაა, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა „ჩინეთის, საფრანგეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვების“ მიმართ, თავისი სამხედრო გემებით ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიეღოთ მონაწილეობა. „ნიუ იორკ თაიმსის“ რეპორტაჟი ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ მოექცა ტრამპი ნედლი ნავთობის ფასების უწყვეტი ზრდის გამო: გასულ კვირას ტრამპმა გაერთიანებული შტაბების უფროსს, დანიელ კეინს ჰკითხა, „რატომ არ შეეძლო აშშ-ს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა“. კეინმა პრეზიდენტს რეალური სურათი დაუხატა: მხოლოდ ერთ ირანელ ჯარისკაცს ან „რევოლუციური გვარდიის წევრს“, რომელიც ვიწრო სრუტეში სწრაფმავალი კატარღით გადაადგილდება, შეუძლია პირდაპირ ესროლოს მობილური რაკეტა ნელა მოძრავ სუპერტანკერს, ან მის კორპუსზე მაგნიტური ნაღმი მიამაგროს.
ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებამდე, კეინმა ტრამპი გააფრთხილა რისკის შესახებ, რომ თეირანის რეჟიმს შეეძლო, გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი დაებლოკა. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ გასულ კვირას იტყობინებოდა, ამაზე ტრამპმა გაერთიანებული შტაბების უფროსს უპასუხა, რომ ირანი ამას ვერ გაბედავდა. „უფრო მეტი დამწვარი ნავთობტანკერის კადრები ირანელებს იმაზე უფრო ძლიერებად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეში არიან“, - ასეთი ანალიზი დაურთო „ნიუ იორკ თაიმსმა“ სპარსეთის ყურეში ცეცხლმოკიდებული ტანკერების ფოტოებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ომის დაწყებიდან გასული კვირის შუა რიცხვებამდე, თავდასხმა, სულ მცირე, 22 გემზე - ტანკერებზე, საკონტეინერო გემებსა და სამოქალაქო ხომალდებზე - განხორციელდა. ორ შემთხვევაში, ირანული წყალქვეშა დრონები იყო გამოყენებული.
ირანი ძალიან კარგად იყო მომზადებული ჰორმუზის ბლოკადისთვის
XX საუკუნის 80-იანი წლებში, ეგრეთ წოდებული „ტანკერების ომის“ დროს, აშშ-ის სამხედრო გემები სპარსეთის ყურეში ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს უწევდნენ ესკორტირებას, ირან-ერაყის ომის გამო. მიმდევნო ათწლეულებში, ირანმა მასშტაბურად გააფართოვა ჰორმუზის სრუტის დაბლოკვისთვის საჭირო თავისი სამხედრო შესაძლებლობები. მას არსენალში შედის მცირე ზომის სწრაფმავალი კატარღები, საჰაერო და წყალქვეშა დრონებს, ასევე დიდი რაოდენობის ნაღმები. ირანის რეჟიმი ომის არცერთი სხვა ფორმისთვის არ მომზადებულა ისე კარგად, როგორც თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული იარაღის გამოყენებისთვის, რაშიც გლობალური ეკონომიკის სასიცოცხლო ძარღვის გადაჭრა მოიაზრება.
მაღალი სამხედრო რისკები
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, შეერთებულმა შტაებმა, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ უარყო ნავთობკომპანიების თხოვნა მათი ტანკერების ესკორტირების თაობაზე, რადგან მეტისმეტად სარისკო იქნებოდა სამხედრო გემების გაგზავნა ვიწრო სრუტის წყლებში, რომლის სიგანეც ყველაზე ვიწრო წერტილში დაახლოებით 21 საზღვაო მილს შეადგენს. აშშ-ის სამხედრო გემებისა და სავაჭრო გემებისთვის უზარმაზარი რისკები არსებობს: ამერიკულ საზღვაო წრეებში არსებულ ცნობებზე დაყრდნობით,„უოლ სთრით ჯორნალი“ დასძენს, რომ ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, ირანული „სიკვდილის ზონად“ იქცეს, თუკი გემები მის გადაკვეთას შეეცდებიან.
წყარო: 1 არხი