სანქცირებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კონტროლი მკაცრდება.

კერძოდ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, გადაამოწმოს საკრუინგო კომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია გემებისა და გემთმფლობელების შესახებ და შეამოწმოს ეს პოტენციური დამსაქმებლები არიან თუ არა გაეროს, ევროკავშირის, 

დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის  სანქციების სიაში.

შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესში.

საკრუინგო კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც ქართველი მეზღვაურები საქმდებიან სხვადასხვა ქვეყნის გემებზე, აქამდე ვალდებულები იყვნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წარედგინათ ინფორმაცია, რომელიც მათ შორის მოიცავდა გემის ტიპს, სახელს, საიდენტიფიკაციო/IMO ნომერს, დროშას და, ასევე, შესაბამის შრომით ხელშეკრულებას.

ახალი რეგულაციით, სააგენტო გახდა უფლებამოსილი, უარი უთხრას საკრუინგო კომპანიას, თუკი გემი ან გემთმფლობელი სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება.

„სააგენტო უფლებამოსილია, დოკუმენტაციის განხილვისას, გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაცია გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციათა რეჟიმთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

აგრეთვე, სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი ინფორმაცია გადაამოწმოს სხვა წყაროებში, რომლებიც არ წარმოადგენს სანქციათა ოფიციალურ სიებს, თუმცა გემის და მასთან დაკავშირებული პირის შესახებ არსებული ინფორმაცია მნიშვნელოვან რისკის ქმნის მეზღვაურთა შრომითი უფლებების დასაცავად,“ – ნათქვამია 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.

იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი გადამოწმების შემდეგ გემი ან გემთმფლობელი სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება, სააგენტოს მიეცა უფლება, უარი უთხრას საკრუინგო კომპანიას ამ გემზე მეზღვაურთა დასაქმებაზე.

„იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაურის დასაქმების პერიოდში გემზე ან გემთმფლობელზე გავრცელდება სანქციათა რეჟიმი, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, უზრუნველყოს მეზღვაურის დროული რეპატრიაცია და გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებით სააგენტოს უფლება მიეცა წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუგეგმავად შეამოწმოს საკრუინგო კომპანიები.

„თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გემზე ან გემთმფლობელზე ვრცელდება სანქციათა რეჟიმი,  ან ხარისხის მართვის სისტემაში დაფიქსირებული შეუსაბამობები პირდაპირ უკავშირდება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესს,“ – ნათქვამია ბრძანებაში.

batumelebi.netgazeti.ge