ქობულეთის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. თანამშრომლები სამსახურის შესაძლო დაკარგვის თაობაზე უკვე გააფრთხილეს.
ქობულეთის მერიამ მუნიციპალური ინსპექცია დააფუძნა და დირექტორად გია ხაბაზი დანიშნა. ის ამ დრომდე მუნიციპალურ ორგანიზაციას, შპს „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურს“ ხელმძღვანელობდა.
წესდების მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობა საზედამხედველო საქმიანობა, დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება.
მერიის ინფორმაციით მერიის სამსახურებიდან თანამშრომლების ნაწილი, რომელთა ფუნქციაც საზედამხედველო საქმიანობა იყო, ინსპექციაში გადავა სამუშაოდ.
ინსპექციის მოვალეობებში შედის: ქალაქის იერსახის შესაძლო დამახინჯების კონტროლი, სამშენებლო ზედამხედველობა, სანებართვო პირობების შესრულების, რეკლამის განთავსების, ნარჩენებით დაბინძურების, გარევაჭრობის, აკუსტიკური ხმაურის და სხვა სახის კონტროლი.
ინსპექციის მოვალეობაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, სანიტარული და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ქალაქის ტერიტორიაზე.
ინსპექციას შეუძლია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, რიგი საკითხების შემთხვევაში კი, როგორიც არის: ქონების შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა, სესხის აღება, თავდებობა, გადაწყვეტილება შეუთანხმოს უშუალოდ მერს.
ინსპექციის საქმიანობას აკონტროლებს ქალაქის მერი. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექციის საქმიანობის შესამოწმებლად, მერს შეუძლია დანიშნოს აუდიტორი.
ქობულეთის მერიამ დააფუძნა ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო.
ახალი სამმართველოს დირექტორად როლანდ ბერიძე დანიშნეს. მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა – „მშენებელი ვარ“.
მისივე ინფორმაციით, სამმართველო ჯერ სრულად დაკომპლექტებული არ არის.
წესდების მიხედვით, სამმართველოს ევალება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მართვა-განვითარება; ქალაქის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება, მაღალბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვა, განხორციელება და კონტროლი.
წესდების მიხედვით, ამ სამმართველოს დირექტორი თანამდებობაზე ერთი წლის ვადით ინიშნება.
2026 წლის იანვარში ქობულეთის მერიამ დააფუძნა, ასევე, შპს „ქობულეთის შუქურა 1960“, ამ შპს-ს დირექტორად რევაზ ჩელებაძე დანიშნეს.