ირანთან რამდენიმე კვირიანი დაძაბულობას და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გადასროლას მოჰყვა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმები მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე, მათ შორის ირანის სამხედრო ობიექტებსა და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის საცხოვრებელ სახლებზე.
28 თებერვლის გამთენიისას პირველმა იერიშებმა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტები დააზიანა, ხოლო ირანის ცაზე აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი კვამლის ღრუბლებს მიღმა მთავარი კითხვა გამოიკვეთა: რა არის ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო მიზანი?
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკა მერყეობდა „უკეთესი შეთანხმების“ მოთხოვნებსა და რეჟიმის შეცვლის მინიშნებებს შორის, მისი განცხადებები 28 თებერვალს, მიმდინარე იერიშების ხასიათთან ერთად, პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა „მასშტაბური საბრძოლო ოპერაციები“ ირანის წინააღმდეგ და ირანელებს უთხრა: „თქვენი თავისუფლება ახლოსაა“.
აშკარა გახდა რომ აშშ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკით აღარ დაკმაყოფილდა და ახლა, როგორც ჩანს, ირანის, როგორც რეგიონული ძალის, სრული ნეიტრალიზაციისკენ მიისწრაფვის.
თვეების განმავლობაში ტრამპი ამტკიცებდა, რომ მისი მიზანი ახალი, უფრო მკაცრი ბირთვული შეთანხმება იყო. დამოუკიდებელი თავდაცვის ექსპერტი ისრაელიდან, მაიკლ ჰოროვიცი ამბობს რომ მოლაპარაკებებმა დიპლომატიური გზა ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა.
„ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები აშკარად არ მიმდინარეობდა ისე, როგორც ტრამპს სურდა,“ — უთხრა ჰოროვიცმა რადიო თავისუფლებას. „უფსკრული მხარეთა პოზიციებს შორის იმდენად ღრმაა, რომ მოლაპარაკებები ვერ ამოავსებსო.“
ჰოროვიცის თქმით, ირანის ოფიციალური პირები არ იყვნენ მზად იმგვარი დათმობებისთვის, რაც ტრამპს საშუალებას მისცემდა ახალი შეთანხმება 2018 წელს დატოვებული ბირთვული შეთანხმების „უკეთეს მემკვიდრედ“ გაესაღებინა. დიპლომატიის ამოწურვის შემდეგ, ვაშინგტონმა ცვლილებების მთავარ ინსტრუმენტად ძალა აირჩია.
გამოვა ხალხი ქუჩებში?
აშშ-ისა და ისრაელის სტრატეგიის ერთ-ერთი საყრდენი, როგორც ჩანს, სახალხო აჯანყების იმედია.
28 თებერვლის მიმართვაში ტრამპმა იქამდე გაჟღერებულ ამერიკულ გზავნილებზე უფრო შორს წასვლა არჩია და პირდაპირ ირანელ ხალხს მიმართა. უთხრა, „თქვენი თავისუფლების საათი დადგაო“ და მოუწოდა მოქალაქეებს, სამხედრო ფაზის დასრულების შემდეგ „ხელში აიღონ“, გადაიბარონ მთავრობა.
გასული წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანელებისადმი მსგავსი მოწოდებები უპასუხოდ დარჩა, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩენაზე ფიქრობდა და თავშესაფარს ეძებდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, მოკავშირეები განსხვავებულ ფსიქოლოგიურ გარემოზე აკეთებენ ფსონს.
ჯეისონ ბროდსკი, აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის "გაერთიანებულები ბირთვული ირანის წინააღმდეგ" (UANI) პოლიტიკის დირექტორი, რომელიც თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთაზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ძალაუფლების თვალსაჩინო დასუსტება შესაძლოა ის კატალიზატორი აღმოჩნდეს, რომელიც აქამდე აკლდა ვითარებას.
„როგორც ჩანს, კამპანიის ერთ-ერთი იმედი ისაა, რომ ირანელი ხალხი ქუჩებში გამოვა და უფრო გაბედულად დაუპირისპირდება რეჟიმს, რადგან დაინახავს, რომ ის დასუსტებულია,“ - განუცხადა ბროდსკიმ რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია „სათამაშო ველის გათანაბრება“ - ირანის სახელმწიფოს შესაძლებლობის შემცირება განსხვავებული აზრის ჩასახშობად, რათა „უიარაღო ირანელმა ხალხმა“ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნოს.
თუმცა ჰოროვიცი უფრო ფრთხილ შეფასებას აკეთებს ქუჩის ფაქტორის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირები განახლებულ პროტესტებს არ გამორიცხავენ, მისი აზრით, შერჩეული დრო და მათი მოლოდინები შესაძლოა ერთმანეთს არ დაემთხვეს.
„პირადად მე ვფიქრობ, რომ შანსები დაბალია მანამ, სანამ კონფლიქტი გრძელდება,“ - ამბობს ჰოროვიცი. „უფრო რეალისტურია არეულობის ზრდის მოლოდინი კონფლიქტის დასრულების შემდეგ, თუმცა რეჟიმი - თუ ამის უნარი შერჩა - ამასაც მომზადებული დახვდება.“
შრომის დანაწილება
იერიშების ტაქტიკური შესრულება მოკავშირეებს შორის კოორდინირებულ შრომის დანაწილებაზე მიუთითებს, რისი სამიზნეებიც როგორც ირანის სამხედრო შესაძლებლობები, ისე მისი ხელმძღვანელობაა.
ბროდსკის თქმით, შეერთებული შტატები „ირანის სარაკეტო შესაძლებლობების შესუსტებაზეა კონცენტრირებული“, რათა საპასუხო დარტყმები შეაკავოს, მაშინ როცა ისრაელი „ირანელი ლიდერების ლიკვიდაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას. ისრაელის სტრატეგია ჩანს უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული იერიშების შესახებ ცნობებში.
მიუხედავად ინტენსიური და ენერგიული საწყისი ფაზისა, მთავარი კითხვა რჩება: შეუძლია თუ არა მხოლოდ საჰაერო კამპანიას 47 წლის თეოკრატიული რეჟიმის დამხობა? ჰოროვიცი აღნიშნავს, რომ საჰაერო ძალას „ცუდი ისტორიული გამოცდილება“ აქვს რეჟიმის შეცვლის კუთხით.
თუმცა ის მიუთითებს ერთ ფაქტორზე, რომელიც ამ კონფლიქტს სხვებისგან შეიძლება გამოარჩევდეს: ტრამპის აშკარა მზადყოფნა ესკალაციისთვის.
„არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რამდენად დასუსტებულია ისლამური რესპუბლიკა და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აშკარად მზად არის გარკვეული დარტყმები აიტანოს და უფრო ხანგრძლივი კამპანია აწარმოოს,“ — თქვა ჰოროვიცმა.
საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ირანის „კბილების მოცლა“. თუ მისი უნარი საპასუხო სარაკეტო დარტყმების განხორციელებისა ან გლობალური ეკონომიკური ზიანის მიყენებისა ადრეულ ეტაპზე განეიტრალდება, ვაშინგტონი, შესაძლოა, უფრო გაბედულად განაგრძობს ზეწოლას მანამდე, სანამ ისლამური რესპუბლიკა ან საკუთარ ძირითად იდენტობას არ დათმობს, ან შიდა არეულობის წნეხის ქვეშ არ ჩამოიშლება.