მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის.

„2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან 400 ავტომობილის შესაძენად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 10 ათას ლარს შეადგენს.

„ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 ლარის ოდენობით“ – ვკითხულობთ განკარგულებაში.

შესყიდვების პროცესს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმართავს, შსს კი ავტომობილებს უშუალოდ გამარჯვებული კომპანიისგან შეისყიდის.

განკარგულებით ასევე დამტკიცდა სატენდერო კომისიის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი.

ამ წესის თანახმად, კომისიას უფლება აქვს, 2027 წლის ბოლომდე ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე ტენდერი „ბაზრის კვლევის შედეგებზე, შესყიდვის თავისებურებებსა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპებზე დაყრდნობით“.

სატენდერო კომისიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილეები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები იქნებიან.

კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან რეგიონული განვითარების, იუსტიციის, ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სულ 1 მილიარდ 547 მილიონი ლარია გათვალისწინებული [აქედან 1 მილიარდ 78 მილიონი ლარი 32 711 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებას მოხმარდება].

ბიუჯეტის მიხედვით, „საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების“ მუხლში, კერძოდ „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პუნქტში, 87 მილიონ 730 ათასი ლარია მობილიზებული. სწორედ ამ თანხიდან შეუძლია შსს-ს 2026 წელს ავტოპარკის განახლება.

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერების გარდა, შსს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საიდუმლო წესითაც ყიდულობს.

ამ შემთხვევაში ტრანსპორტის ტიპი კონფიდენციალურია და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ კომპანიებს აქვთ, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალურ ნებართვას ფლობენ.

ანალოგიური ფორმით ავტომობილების შესყიდვაზე შსს-მ განცხადება ბოლოს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა [სავარაუდო ღირებულება – 2 767 797 ლარი], მანამდე კი – 19 თებერვალს [სავარაუდო ღირებულება – 4,5 მილიონი ლარი].

batumelebi.netgazeti.ge