სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი SK hynix იონგინის ახალ საწარმოში 2030 წლის ბოლომდე 21.6 ტრილიონ ვონს, ანუ $15 მილიარდ ამერიკულ დოლარს დააბანდებს. ჯამში პროექტის საინვესტიციო მოცულობა 31 ტრილიონ ვონს ($23.85 მილიარდს) მიაღწევს და არსებული ქარხნის გაფართოებას, კერძოდ, ხუთი ქლინრუმის, იგივე ნახევარგამტარების დამზადებისთვის საჭირო სპეციალური საწარმოების აგებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია პირველი ობიექტის ამოქმედებას 2027 წლის თებერვლისთვის აპირებს, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის, მონაცემთა ცენტრებისა და მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემებისთვის განკუთვნილ ჩიპებზე გლობალურად მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული.

გლობალურ ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად წარმოების მასშტაბების ზრდას აქტიურად ცდილობენ კონკურენტი კომპანიებიც, მათ შორის სამხრეთ კორეული Samsung-ი და ტაივანური Micron-ი. თუმცა ამ სამეულს შორის ტექ-გიგანტ Nvidia-სთვის მთავარ მიმწოდებლად კვლავ SK hynix-ი მიიჩნევა. ის ამერიკულ გიგანტს მაღალი გამტარობის მეხსიერების ბარათებს უმზადებს. სექტორში არსებული ფაქტობრივი მონოპოლიური მდგომარეობა სამხრეთკორეულ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის ბუმის პირდაპირ ფინანსურ ბენეფიციარად აქცევს.

bm.ge