2025 წლის ტექნიკური განახლებების შემდეგ, როგორც ჩანს, წელს iPhone-ის ირგვლივ შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. ტექნოლოგიური ანალიტიკოსების პროგნოზით, iPhone 18 Pro და 18 Pro Max წინამორბედებისგან მხოლოდ მცირედი დეტალებით გამორჩევიან და რადიკალურ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. 2026 წლის შემოდგომაზე მთავარი ყურადღება, სავარაუდოდ, Apple-ის პირველ დასაკეც სმარტფონზე გადავა.

თუმცა, სმარტფონების კამერების მოყვარულთა ყურადღებას მაინც იქცევს ერთი საინტერესო დეტალი – გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 18 Pro-სა და 18 Pro Max-ს ცვლადი დიაფრაგმის მქონე ახალი კამერის სისტემა ექნება. ამაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, მაგრამ მოულოდნელია, რომ წლის ყველაზე პოპულარული მოდელების მთავარ მახასიათებლად სწორედ ეს ტექნოლოგია სახელდება. საქმე ისაა, რომ სმარტფონების ინდუსტრიაში ცვლადი დიაფრაგმა ახალი იდეა სულაც არ არის, ის წარსულში რამდენჯერმე გამოჩნდა და მალევე გაქრა.

ფოტოგრაფიაში დიაფრაგმა განსაზღვრავს ფანჯრის ზომას, რომლიდანაც სინათლე ლინზის გავლით სენსორზე ხვდება. ის ე.წ. f-სტოპებით იზომება (მაგალითად, f/1.4 ან f/2.0), სადაც მცირე რიცხვი დიდ ხვრელს ნიშნავს. რაც უფრო დიდია დიაფრაგმა, მით მეტი სინათლე შედის კამერაში, რაც ფოტოგრაფს საშუალებას აძლევს, უკეთესი განათების მისაღებად ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენოს. გარდა ამისა, დიდი დიაფრაგმა ქმნის მცირე სიმკვეთრის სიღრმეს, რაც ფონის გაბუნდოვნებით მთავარი ობიექტის გამოკვეთაში გვეხმარება.

თუმცა, ყოველთვის დიდი დიაფრაგმა არ არის იდეალური. ხშირად, მკვეთრი განათების პირობებში, ფოტოს „გადაწვისგან“ დასაცავად ხვრელის დაპატარავება ხდება საჭირო. გარდა ამისა, ლინზები საშუალო დიაფრაგმაზე უკეთეს სიმკვეთრეს აჩვენებენ. პროფესიონალურ კამერებზე ეს პარამეტრი კრიტიკულია, მაგრამ სმარტფონებში სიტუაცია სხვაგვარადაა. მცირე ზომის სენსორების გამო, ბუნებრივი, ღრმა ფონის გაბუნდოვნების მიღება ისედაც რთულია, ხოლო ელექტრონული ჩამკეტები იმდენად სწრაფია, რომ კადრის გადაწვის რისკი თითქმის ნულამდეა დასული. სწორედ ამიტომ, სმარტფონების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქსირებული, მაქსიმალურად ღია დიაფრაგმით მუშაობს, რადგან მეტი სინათლის მიღება აქ ყველაზე დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, მწარმოებლები მაინც ცდილობდნენ ცვლადი დიაფრაგმის მთავარ მარკეტინგულ იარაღად ქცევას. პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 2009 წელს, მექანიკური ჩამკეტის მქონე Nokia N86-ში ვიხილეთ, რომელიც განათების მიხედვით ავტომატურად ცვლიდა პარამეტრებს f/2.4-დან f/3.2-მდე ან f/4.8-მდე. თანამედროვე სმარტფონების ეპოქაში კი პირველი მსგავსი ნაბიჯი 2018 წელს Samsung-მა გადადგა Galaxy S9-ით, რომელსაც f/1.5-დან f/2.4-მდე გადართვა შეეძლო. პრაქტიკაში ამ ორ რეჟიმს შორის სხვაობა იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომ ორ წელიწადში, Galaxy S10-ის გამოსვლისას, კომპანიამ ამ ფუნქციაზე უარი თქვა.

მოგვიანებით ეს იდეა ჩინურმა ბრენდებმა აიტაცეს და ახალ საფეხურზე აიყვანეს. 2022 წელს Huawei Mate 50 Pro-მ f/1.4-დან f/4-მდე ათსაფეხურიანი რეგულირების სისტემა წარმოადგინა. Xiaomi-მ 13 Ultra-ში ორსაფეხურიანი, ხოლო 14 Ultra-ში უსაფეხურო სისტემა გამოიყენა. თუმცა, საინტერესოა, რომ Xiaomi-ს ბოლო ორ ფლაგმანში – 15 Ultra-სა და Leica-სთან ერთად შექმნილ 17 Ultra-ში – ცვლად დიაფრაგმაზე კვლავ უარი თქვეს. სავარაუდოდ, მიზეზი ტელეობიექტივების უზარმაზარი მოდულებია, რადგან სმარტფონის მასშტაბში ცვლადი დიაფრაგმა მექანიკურად რთული კონსტრუქციაა და დიდ ადგილს იკავებს.

ამასთანავე, 13 და 14 Ultra მოდელების პრაქტიკულმა გამოყენებამ აჩვენა, რომ მიუხედავად 1-ინჩიანი სენსორებისა, ტელეფონი მაინც თითქმის ყოველთვის ღია დიაფრაგმას ირჩევდა ავტომატურ რეჟიმში. ერთადერთი სარგებელი f/4-ზე გადართვისას ალბათ ახლოდან, მაგალითად, საჭმლის გადაღებისას ვლინდებოდა, რათა ობიექტი უფრო მკვეთრად გამოჩენილიყო, მაგრამ სხვაობა არც აქ იყო განსაკუთრებულად დიდი.

მაინც, რატომ უბრუნდება Apple იმ მახასიათებელს, რომელიც ბევრმა კონკურენტმა სცადა და საბოლოოდ მაინც უკუაგდო? შესაძლოა, კომპანია უფრო დიდი სენსორის ან კიდევ უფრო ღია მაქსიმალური დიაფრაგმის გამოყენებას გეგმავს და ამით სიმკვეთრის სიღრმეზე კონტროლის შენარჩუნება სურს. ან, იქნებ Apple-მა გადაწყვიტა, შეამციროს პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ხელოვნურად გაძლიერებული სიმკვეთრე და ფსონი ტრადიციულ, ოპტიკურ ხარისხზე დადოს. არ არის გამორიცხული, რომ iPhone 18 Pro უბრალოდ იდეალურ კამერად დაპოზიციონირდეს დეტალური, ახლო კადრების გადასაღებად.

რთული სათქმელია, რამდენად გაამართლებს ტექნიკური თვალსაზრისით ეს კომპრომისი, თუმცა ტექნოლოგიის იმპლემენტაციის ხილვა ნამდვილად საინტერესო იქნება. Apple ხომ ცნობილია იმით, რომ უკვე არსებულ ტექნოლოგიებს სრულიად ახალ და დახვეწილ სიცოცხლეს სძენს. უბრალოდ, როდესაც სექტემბერში iPhone-ის პრეზენტაციას დაესწრებით და ეკრანზე ცვლადი დიაფრაგმის წარდგენა დაიწყება, გაიხსენეთ, რომ ეს ის იდეაა, რომელიც ინდუსტრიამ უკვე გამოცადა და ერთხელ უკვე მიიჩნია, რომ მასზე რესურსის დახარჯვა არ ღირდა.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge