უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ მიიღო. უფრო კონკრეტულად კი, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული პირები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ისინი გირაოს გადაიხდიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.

სასამართლო პროცესზე, როგორც რეზო ალადაშვილმა, ასევე დანარჩენმა პირებმა, რომლებიც ქვეკონტაქტორი კომპანიების დირექტორები იყვნენ, დანაშაული აღიარეს. კერძოდ კი ის, რომ ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში აფიქსირებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება, რის შედეგადაც ისინი თაღლითურად ითვისებდნენ თანხებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციით, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.