2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 3 367.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (700.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (301.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (298.8 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 378.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 266.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 236.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).