2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 107.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 843.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 688.5 მლნ. აშშ დოლარი). ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 775.0 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 723.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 985.4 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).