პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოდან პურის ექსპორტი განხორციელდა. ქართული პური ისრაელში 3 ეტაპად გაიგზავნა - პირველ ჯერზე 35 000 ცალი, მეორეზე - 37 000 და მესამეზეც - 37 000 ცალი.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ქართული პური ისრაელში გაიგზავნა და მომხმარებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„უნდა ითქვას, რომ ისრაელში პურის ფასი საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 4 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ორი კომპანია იყო დაინტერესებული და ორი კიდევ დაემატა და ითხოვს, მათაც გავუგზავნოთ. იგეგმება, სამომავლოდაც გაიგზავნოს, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, დაინტერესება გამოიწვია ჩინურ ბაზარზეც და არა მხოლოდ იქ.
განმარტებისთვის ვიტყვი, რომ მოთხოვნას ორი რამ განაპირობებს: პირველ რიგში, ეს არის ხარისხი და მეორე - ფასი. მოდით, სიმართლე ვთქვათ და ჩვენზე დაბალი პურის ფასი არსად აღარ მეგულება. აზერბაიჯანში დღგ-ც კი გაუქმდა პურპროდუქტებზე, მაგრამ ფასი მაინც ჩვენთან უკეთესია. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენზე დაბალი ფასი მხოლოდ შუა აზიაშია“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.